Welcome to Georgia, freedom is here, love is here!

ძალიან მოუცლელი ვარ იმის მიუხედავად, რომ საათმა 01:00 გადალახა. მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ, თუმცა ახალგაზრდებისთვის მიცემული პირობაც შესასრულებელი მაქვს და SPACEHALL-ში უნდა წავიდე. მოსაწვევი ფოსტაზე მომივიდა, თან პირადობაც უნდა ვიქონიო. კიდევ რამდენიმე წუთი მივუმატ-გამოვაკელი ერთმანეთს რიცხვები და ერთსაათიანი ტაიმ აუტი ავიღე.

შესასვლელში დიდი რიგი დგას, ძირითადად, ახალგაზრდების. არავინ ცდილობს ურიგოდ გაძრომას, ყველა ერთმანეთს უღიმის და რაც მთავარია _ გიღიმიან „დაცვის ბიჭები“ თუ კაცები. ერთი მოსაწვევს გიმოწმებს, მეორე მოსაწვევს და პირადობას ასკანერებს, მესამე ძალიან თავაზიანად „გჩხრეკს“ და ეს ბარიერი გავლილი გაქვს. როგორც კი დარბაზში ჩასასვლელ კიბეებს უახლოვდები, ელექტრონული მუსიკის ჰანგებიც იწყებს გონებაში შემოღწევას. ამ კიბეებთან ვხვდები ჩემს მიმპატიჟებლებსაც. ძალიან უხარიათ, რომ დამინახეს, ალბათ, ეგონათ, რაღაცას მოვიმიზეზებდი და არ-ვერ მივიდოდი.
დარბაზისკენ დავიძარით, აქ ახლა საუბრისა და ურთიერთმოკითხვის დრო არ არის. აქ ადამიანები ერთობიან და მეც უნდა შევძლო გავერთო და თან დავაკვირდე _ რა ხდება?
იქ _ სცენაზე მყოფი მუსიკოსები აბსოლუტურად მართავენ დარბაზს _ ყველა ძიგძიგებს, ყველა საკუთარ მოძრაობასა და ექსტაზშია. უცებ 80-იანი წლების დისკოთეკები გამახსენდა _ ყველას რომ ერიდებოდა პირველი საცეკვაოდ გასვლა, მერე შებინდებას ელოდნენ და ბოლოს ძაღლი პატრონს ვერ სცნობდა. არ მახსოვს არც ერთი ასეთი გართობა, ჩხუბის გარეშე დასრულებულიყოს. საქმის გარჩევები და გვერდზე გაყვანა მოდაში იყო და ბევრ რამეზე მეტყველებდა. ვინ თავს იმკვიდრებდა ძველი და მაგარი ბიჭების რიგებში, ვინ კიდევ ბოლოჯერ ეწვეოდა ხოლმე „ტანც პლაშჩადკებს“. მოვლენებს წინ გავუსწრებ და რაც იქ ვიყავი, არავინ მინახავს არც დამჩმორებელი და არც დასაჩმორებელი, ყველა თავისას ისწორებდა. მეტიც, მხრის უნებლიე გაკვრასაც კი ეგრევე მოჰყვებოდა: უკაცრავად, ბოდიში, sorry, извините, excuse me, désolé, lo siento, მაპატიეთ… რაღა დაგიმალოთ და ცოტაზე მეტად გამაკვირვა ამ დამოკიდებულებამ. თუმცა ძალიან მიხაროდა, რომ ამ ყველაფერს სხვადასხვა ენაზე ვიგებდი. ასევე სასიამოვნო იყო საპასუხო რეაქცეიები, _ არაუშავს, no problem…
შემდეგი დაკვირვება _ ასაკი. კი, ვაღაირებ, რომ ახალგაზრდები სჭარბობდნენ. ბევრი მათგანი პერიოდულად ტელეფონს დახედავდა ხოლმე. გვერდით მდგომ „მოძიგძიგე“ ბიჭს მის წინ მოფარფატე გოგომ ანიშნა, რომ ტელეფონი ურეკავდა. უმალ უპასუხა: _ კი, მამა, ყველაფერი რიგზეა, ვერთობი. კი ერთად ვართ, _ ჩასძახა ტელეფონს და „ძიგძიგი“ გააგრძელა. აი, ეს ტიპი ჩემზე ასაკოვანია, გავიფიქრე და ბრიჯებში გამოწყობილი ახმახისკენ მოვინაცვლე ადგილი, რომელსაც ორივე ხელი წინ მდგომი ქალის მხრებზე ედო და ორივე ერთ რიტმში ირხეოდა. ამ დროს მუსიკის ტემპი შეიცვალა და კაცმა ქალს ყურში ჩასძახა: _ COOL! ჰო, იმთავითვე უნდა მივმხვდარიყავი, რომ უცხოელები იქნებოდნენ. მერე თვალი შეეჩვია გარემოს და საკმაოდ ბევრი ასაკოვანი უცხოელი გამოვარჩიე სამი ათასამდე ადამიანში.
უცებ, ძალიან მომინდა, რომ აქვე ყოფილოყო ბევრი ქართველი „ასაკოვანიც“. ისინი, რომლებიც, თავის დროზე, აფრიკ სიმონისა თუ „ბონიემის“ ჰანგებზე ძიგძიგებდნენ დისკოთეკებზე. კარგ „ტუსოვკას“ ხომ კარგი „სასტავი“ განსაზღვრავს და ჩემთვის გავიფიქრე: „ვისთან ერთად გავერთობოდი აქ?“ პერსონებიც უცებ ამოტივტივდნენ თავში: ნიკო მჭედლიშვილი, მამუკა გამყრელიძე, ნიკა ვაშაკიძე. ისე, შალვა ნათელაშვილიც გაასწორებდა _ აქვს იმიჯური თავისუფლება. კიდევ? აი, გია ვაშაძეც (ექსმინისტრი), ჰო, გოგი გვახარიაც მინდა, აქ რომ იყოს… პრინციპში, სია ძალიან დიდი გამომდიოდა, მაგრამ მასში თალაკვაძისა და კობახიძის ადგილი ვერ ვიპოვე. მიშა და ბიძინა კი დავაყენე ამ დიდი ფართის სხვადასხვა კუთხეში და წარმოვიდგინე, როგორ აყვნენ ტემპს. თუმცა ეს პოლიტიკური კოშმარი ახლა სულაც არ მჭირდებოდა და ფიქრი სხვა მიმართულებით წარვმართე.
„ტონუსი!..“ _ თითქმის ხმამაღლა გავიფიქრე, წამიც არ იყო გასული, რომ ალკოჰოლი და წვენი შემომთავაზეს. დავაკვირდი _ ცეკვის დროს საკმაოდ ბევრი წრუპავდა. უკან გამოვბრუნდი _ მოძიგძიგეთა მასიდან გამოვედი და ვნახე, რომ საკმაოდ ბევრი სხვადასხვა ასაკის ადამიანი წრუპავდა _ ვინ წვენს, ვინ გამაგრილებელს, ვინ ალკოჰოლს. უცებ, ნარკოტიკების მითი გამახსენდა და ყნოსვით დავიწყე მოსაწევის ძებნა. „იაღლიში“ მომივიდა _ ვერ ვიპოვე. გავიფიქრე: „ალბათ, აქ არა და სადმე სხვაგან ბოლდებიან“ და ტუალეტისკენ გავეშურე. არც იქაურ რიგში მინახავს რაიმე განსაკუთრებული. არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაც სადღაც ეწეოდა კიდეც, მაგრამ მითი შპრიცებისა და „ჩხერის“ შესახებ აბსურდია.
ისევ დარბაზისკენ გავეშურე და კედელზე მიყრდნობილმა ასაკოვანმა წვეროსანმა გამაჩერა:
_ Hello, excuse me, are you Italian?
_ Hello, no, I’m local, _ მივუგე ამაყად.
_ Very good,_ მიპასუხა გაოცებულმა და ბართან მიმიპატიჟა.
_ რატომ გაოცდი-მეთქი? _ რომ ვკითხე, ასე მომიგო, _ ლამის ყველა ივენთიზე დავდივარ აქ და ჩვენი ასაკის ადგილობრივ ადამიანებს იშვიათად ვხვდებიო. როგორც საუბარში გაირკვა, ერთ-ერთი საელჩოს თანამშრომელი იყო. თან დამარიგა თუ მირჩია, _ მომავალ კვირასაც შევხვდეთ და შენი მეგობრებიც წამოიყვანე, ამით მამები შვილებს უფრო უახლოვდებიანო.
თითო ჭიქა ჩავარტყით და ერთმანეთს დავემშვიდობეთ. დიპლომატი მოძიგძიგეებს შეუერთდა და შევამჩნიე, რომ მის „სასტავში“ სხვადასხვა ასაკისა და სქესის ადამიანები იყვნენ.
საათს დავხედე… ერთი საათი უკვე გასულიყო და უკან მალე უნდა დავბრუნებულიყავი. ამ დროს დარბაზი ოვაციებმა მოიცვა _ სცენაზე ის მუსიკოსები ავიდნენ, რომლებიც ამ ივენთის გმირები იყვნენ _ ემოციები გახურდა.
„რამდენიმე წუთიც“, _ ვუთხარი საკუთარ თავს და მოსაწევად გამოვედი. იქვე ორი ადამიანი რუსულად საუბრობდა. პეტერბურგიდან აღმოჩნდნენ. გავესაუბრე და ჩემთვის უმთავრესი ფრაზა მოვისმინე, _ ბერლინშიც კი არ გავრთობილვართ ასე, გვშურს, თქვენ ძალიან შორს წახვედით! ისე შევიფერე ეს სიტყვები, თითქოს აქაურობა ჩემი დაარსებული ყოფილიყო. თუმცა რატომაც არა, მათ ხომ ამ კონტექსტში არ უთქვამთ ეს, არამედ თქვეს, თქვენი _ საქართველოსი გვშურსო. ჰოდა, ახლა მეც საქართველო ვიყავი _ თავისუფალი, ჩემი შვილების ტოლა და მათი მისწრაფებებით ამაყი და ღირსებით სავსე იმის გამო, რომ ოკუპანტი ქვეყნის რიგით მოქალაქეს შურს ჩვენი (არაფერი მეშველება, მაინც შემოვიტანე პოლიტიკა ფიქრებსა და მსჯელობაში).
და მაინც, რა ხდება „იქ“ _ სტადიონის გვირაბებში? ძალიან მაგარი რამ _ თავისუფლებაა „იქ“, ზრდილობა, ურთიერთსამართლიანი დამოკიდებულება, თავაზიანობა, სიყვარული და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მომავალიც იქ არის. ზოგადად, სხვა ხომ არც არაფერია ცხოვრების არსი. და კიდევ, ცუდს სადაც გინდა და როცა გინდა, მაშინ დაინახავ, მაგრამ აქ იმდენი კარგია, რომ ცუდისთვის ადგილი და სივრცე აღარ რჩება.
მაგვიანდებოდა, რომ არა საქმე, კიდევ დავრჩებოდი ბოლო ადამიანამდე და ქანცგაცლილი დავბრუნდებოდი შინ. თუმცა ემოციისთვის ესეც საკმარისი იყო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი ფორმულის სინამდვილეში _ პირადობის მოწმობაში ჩაწერილი ოთხი ციფრი, რომელიც დაბადების წელს აღნიშნავს და შენს ასაკს შემოფარგლავს, არაფერს ნიშნავს. ასაკი სხვაგან განისაზღვრება _ გონებაში და დამოკიდებულებაში მოვლენების მიმართ. დიდები რომ გვგონია თავი და მიგვაჩნია, ჩვენ უკეთ ვიცით, ჩვენს შვილებს რა სურთ, მაგიტომაც ვართ ბებრები და არა იმის გამო, რომ ჭაღარა შემოგვეპარა და ნაოჭები გაგვიჩნდა სახეზე.
ახლა პერსონებზე, მასპინძლებსა და ნაცნობებზე არაფერს ვიტყვი, ყველანი მაგრები არიან, ის ქართველები, რომლებმაც იციან, რომ „იქ“, გვირაბში მათი თავისუფლება იძერწება და ის უცხოელები, რომლებიც ამ თავისუფლების ოკეანეში ჩვენთან ერთად ცურავენ, თუმცა ის უცხოელებიც, რომელთაც შურთ იმის, რომ ჩვენ ძალიან შორს გავცურეთ. ნურც ერთი ხელისუფლება თუ ინსტიტუტი ნუ იქნება დარწმუნებული, რომ ამ თავისუფლებას რაიმე ჩარჩოში მოაქცევს. უბრალოდ არ დათმობს ეს ხალხი ამას და არც ჩვენ _ მორიდებულმა და ასაკმოძალებულმა მშობლემა უნდა მოვითხოვოთ ამ თავისუფლების შეზღუდვა. ისე, თუ აკვირდებით, ხელოვნურად შეკოწიწებულმა ქართული სუფრის აკადემიამ, ორმოცი სადღეგრძელოთი და 12-ჭიქიანი ყანწით, აქტუალობა დაკარგა. დღეს აკადემია თავისუფალი სივრცეა და არა თამადისა და ტრადიციის დიქტატი.
ჰო, მართლა, მე დავიბადე 19… წელს, რამდენი წლის ვარ? დაიკიდე, _ განა ისინი, მეც ვძიგძიგებდი, მეც ვუხდიდი ბოდიშს მხრის გაკვრისას, მეც ვპატიობდი: „არაუშავს“, მეც თავისუფალი ვიყავი ერთ საათზე მეტი დრო და მეც ყველა იქ მყოფი მიყვარდა _ სქესის, ასაკის, რწმენის, აღმსარებლობის, რასის, კანის ფერის, სიმაღლისა თუ სიდაბლის, სიმსუქნისა თუ სიგამხდრის მიუხედავად.

წავედი ახლა და მომავალ შეხვედრამდე!

Welcome to Georgia, freedom is here, love is here!

გამოქვეყნებულია გაზეთ “ქრონიკა +”-ში

გოჩა მირცხულავა

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტის გამოსვლა შეეხება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს” – აბაშიშვილი
შემდეგი სტატია“არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მე ვიქნები თუ არა” – გედევან ფოფხაძე “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში დაგეგმილ ცვლილებებზე