ვუერთდებით ქართველი ხალხის პროტესტს, არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები თსუ-ს სტუდენტების ინიციატივას უერთდებიან და აცხადებენ, რომ აუდიტორიებში არ გამოცხადდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდული ორგანიზაცია (“მარტიანელები”) ავრცელებს:

“ორშაბათს,10 საათზე, ლექციების ნაცვლად მივიდეთ უნივერსიტეტში, შევიკრიბოთ უნივერსიტეტის ფოიეში, (ნინოშვილის მხრიდან) და ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია – კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

მიგვაჩნია, რომ ახლა ყველაზე დიდი გაკვეთილი რუსთაველის გამზირზე ტარდება… არ შეიძლება მშვიდად ვუყურებდეთ სახელმწიფოს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევას, კრიტიკულ აზრზე სასტიკი მეთოდებით გასწორებასა და მუქარის ზარებს.

ამრიგად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U სტუდენტები ვუერთდებით ქართველი ხალხის პროტესტს და ვაცხადებთ, რომ გაფიცვის უფლების ფარგლებში არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში.

მოვუწოდებთ სტუდენტებს, ლექტორ-მასწავლებლებს, საჯარო მოხელეებს, ახალგაზრდებსა და ზოგადად, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ ვისაც ადარდებს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ვინც გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევასა და მუქარის ზარებს – დადექით ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის, ენის, მამულის, სარწმუნოებისა და ქართველი ხალხის ერთობის სადარაჯოზე!” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე – საზოგადოება ღირსია და უფლებამოსილი, ფლობდეს ინფორმაციას, რა საიდან იმართება
შემდეგი სტატიასაქართველოს ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს – დანიის ელჩი