“ძალიან ვწუხვართ მთავრობის გადაწყვეტილების გამო, დაუშვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლება და სანქცირებული პირების შესვლა საქართველოს ტერიტორიაზე” – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა Civil.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, მოელიან, რომ პარტნიორი ქვეყნები და ისინი, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, შეუერთდებიან ბლოკის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.
“ძალიან ვწუხვართ მთავრობის გადაწყვეტილების გამო, დაუშვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლება და სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა. ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას და საერთაშორისო მცდელობებს რუსეთის საერთაშორისო იზოლაციისკენ უკრაინაში მისი უკანონო ომისა და სისასტიკეების გამო”, – აცხადებს ბორელი.
საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის წინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ბლოკის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან თავსებადობის მნიშვნელობას.
“ველით, რომ საქართველო შეასრულებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებს. საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი გასულ წელს უკვე დაბალ მაჩვენებელზე, 44%-ზე იყო და ამჟამად 43%-ს შეადგენს. ამას ევროკავშირისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენი საგარეო პოლიტიკა კონსენსუსით არის განსაზღვრული. შეთანხმების დაბალი დონით, 43%-ით, საქართველო აჩვენებს, რომ მას აქვს ასეთი კონსენსუსის შელახვის პოტენციალი და ეს არ არის ის, რასაც წევრი ქვეყნები მარტივად უყურებენ”, – ამბობს ბორელი ინტერვიუში.