“ეს არის, ცხადია, დანაკარგი ოჯახისთვის და იმ ბავშვებისთვის, რომელიც დარჩნენ მამის გარეშე, მაგრამ ისინიც ისწავლიან, რომ მათმა მამებმა მიიღეს ძალიან დიდი წვლილი ამ ქვეყნის ღირსების გადარჩენაში.
მე ვწუხვარ ერთ რამეზე, რომ აქ არცერთი ოფიციალური პირი, თავდაცვის სამინისტროდან არავინაა წარმოდგენილი, საპატიო ყარაული რომ არ არის, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ყოველი ქართველი ჯარისკაცი დღეს, რომელიც აქ არ და ვერ მოდის, ძალიან განიცდის იმას, რომ ვერ დგას აქ, იმიტომ, რომ ეს მათთვისაც არის ძალიან დიდი დანაკარგი”,_ განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ბაჩო ბებია და დავით ღოღაძეს ცხედრების დახვედრისას აეროპორტში.
ცნობისთვის, დავით ღოღაძე, რომელსაც თბილისიდან კახეთში გადაასვენებენ, უკრაინაში ორი წლის წინ დაიღუპა, თუმცა მისი ჩამოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხედებოდა. რაც შეეხება ბაჩო ბებიას, მის ცხედარს ზუგდიდში გადაასვენებენ.















