ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო

ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ, – ამის შესახებ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართვაშია ნათქვამი.

„რაც შეეხება 22 მაისს განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ, ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე. ჩემი მიზანია, ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემ შვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ“, – ნათავამია ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართვაში.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა.

ამასთან, დღეს განცხადება გაავრცელა ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახმაც.

banner
წინა სტატიაშიჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახმა მის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე: ბატონმა არსენ ტოროსიანმა ნამდვილად თქვა, ის რაც თქვა და ბოდიში უნდა მოიხადოს