“ვთავაზობთ პრეზიდენტს, 20 ივნისს დაესწროს შეკრებას – “შინ ევროპისკენ” | “სირცხვილიას” განცხადება

მოძრაობა “სირცხვილია” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ორგანიზაციას მოუწოდა გადადოს 20 ივნისის აქცია, თავად კი შეკრება 4 დღით ადრე, 16 ივნისს დააანონსა.

“სირცხვილია” პრეზიდენტს სთავაზობს 20 ივნისს, 20:00 საათზე აქციას – “შინ ევროპისკენ” შეუერთდეს.

“ერთ კვირაზე მეტია, სამოქალაქო საზოგადოება ემზადება 20 ივნისის შეკრებისთვის, რომლის მიზანიცაა გააერთიანოს ქართველი ხალხი მიუხედავად მათი პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ სხვა განსხვავებებისა. ისტორიული გადაწყვეტილების წინ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ევროპელ პარტნიორებს უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია ერთ-ერთი ისეთი იშვიათი საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში პოლარიზაცია არ არსებობს.

წინააღმდეგობრივია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ევროინტეგრაციისთვის კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს, ამავდროულად ალტერნატიულ აქციას ნიშნავს და 20 ივნისის შეკრების ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმებას სთავაზობს. არა და არასოდეს!

ჩვენ ვიღებთ პრეზიდენტის მოწვევას 16 ივნისის აქციაზე და ვთავაზობთ, მანაც მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზებულ ჯგუფთა მოწვევა და დაესწროს შეკრებას “შინ ევროპისკენ”, რომელიც 20 ივნისს, 20 საათზე პარლამენტთან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება.

ქვეყანაში, სადაც ახალ წელს ორჯერ ვზეიმობთ, არაფერი დაშავდება, თუ ევროინტეგრაციისადმი ერთგულებასაც ორჯერ აღვნიშნავთ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“პირველად კაცობრიობის ისტორიაში, პრეზიდენტმა საკუთარ ხალხს კონტრაქცია დაუანონსა”-ვახო სანაია
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი: მოვუწოდებ „სირცხვილიას“ ჯგუფს, რომ ასევე ომახიანად და გულიანად შეუერთდნენ 16-ის აქციას და ერთად მოვითხოვოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივა! 20-შიც ერთად ვიყოთ