ვრცელდება ცილისმწამებლური ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ, რაც პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა დემორალიზებასა და უწყების იმიჯის შელახვას ემსახურება – პენიტენციური

მიხეილ სააკაშვილს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეუძლია ყველა იმ საკვები პროდუქტის შეძენა, რომელიც დაწესებულების დებულებით არ იკრძალება, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

უწყებაში აცხადებენ, რომ ვრცელდება ცილისმწამებლური ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ, რაც პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა დისკრედიტაციას ემსახურება.

„ბოლო პერიოდში, გარკვეული საინფორმაციო საშუალებების მიერ ვრცელდება მიზანმიმართული, ცილისმწამებლური ინფორმაცია ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის შესაძლო მოწამვლისა ან პრეპარატებით ინტოქსიკაციის შესახებ, რაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა დემორალიზებას, მათი პროფესიული საქმიანობის დისკრედიტაციასა და საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვას ემსახურება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური პასუხისმგებელია თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებაზე.

მ. სააკაშვილს ამანათი მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია. ბრალდებული/მსჯავრდებული მ. სააკაშვილი, მისივე თანხმობით, ამანათის მიღებას შეძლებს, ამანათის შეგზავნაზე პასუხისმგებელი პირების მეშვეობით.

ინფორმაციისთვის, პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში, მ. სააკაშვილს მრავალჯერ აქვს მიღებული ამანათი.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ მ. სააკაშვილს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეუძლია ყველა იმ საკვები პროდუქტის შეძენა, რომელიც დაწესებულების დებულებით არ იკრძალება, მის კუთვნილ ბარათზე დარიცხული თანხის საშუალებით. ასევე მისთვის, ყოველდღიურად გათვალისწინებულია პატიმრისთვის განსაზღვრული სამჯერადი კვება“, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე შალვა პაპუაშვილს ხვდება
შემდეგი სტატიააშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს