,,ვფიქრობ, პრობლემა არის გაზვიადებული და მიზნად ისახავს, საქართველოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი”

ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და როდესაც არის ნიშნები, რომ სამართლის დარღვევას აქვს ადგილი, ბუნებრივია, მას მოჰყვება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა სამართლებრივ ჩარჩოებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია კონსტიტუციით, მაგრამ ამავე დროს, როგორც ბახტაძემ აღნიშნა, სახელმწიფომ ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოება უნდა დაიცვას.

„მოგეხსენებათ, რომ შსს-მ შესაბამისი მუხლით დაიწყო ამ საკითხის გამოძიება და ბუნებრივია, იგივე მიდგომა ექნება ნებისმიერი სხვა საკითხის მიმართ, სადაც შესაძლოა, გამოჩნდეს კანონის დარღვევის ნიშნები. მსურს, გამოვეხმაურო იმ საკითხსაც, რასაც მოჰყვა ეს ვნებათაღელვა. საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არის დაცული, ის გარანტირებულია კონსტიტუციით, შესაბამისი კანონმდებლობით, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოებაზე“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან მოწოდების სიმაღლეზე.

„ბოლო დღეების განმავლობაში რაც ვიხილეთ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან მოწოდების სიმაღლეზე. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს. მათ შეძლეს ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვა, თუმცა აქვე მინდა გითხრათ, როგორც რიგითმა მოქალაქემ ჩემი შთაბეჭდილება – ვფიქრობ, ეს საკითხი არის ხელოვნურად თავსმოხვეული ქართულ საზოგადოებაზე და ემსახურება იმას, რომ საქართველოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი. არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საქართველოში დღეს არის პრობლემური, საქართველოს აქვს შესაბამისი კანონმდებლობა, თითოეული ადამიანის უფლებები არის დაცული. ჩემი აზრით, ხდება ამ პრობლემის გაზვიადება, თავზე მოხვევა საზოგადოებისთვის, ვინაიდან გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, სადაც თითოეული ადამიანის უფლება არის დაცული და ამას უზრუნველვყოფთ. პრობლემები და გამოწვევები რაც საქართველოში, ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე. სჯობს, მთელი საზოგადოება ვიყოთ ამ პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული. საქართველოში არის გამოხატვის უფლება უზრუნველყოფილი ისევე, როგორც უზრუნველყოფილია უსაფრთხოება და სახელმწიფო ინსტიტუტები ამას ახორციელებენ ძალიან მაღალ დონეზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკოს სავარაუდოდ ეკატერინე ტიკარაძე შეცვლის
შემდეგი სტატიაეს არის ძალადობის ქადაგება-კაპანაძე ვასაძის მიერ დაანონსებულ კომბლების რევოლუციაზე