„ვფიქრობ, გორის მუნიციპლაიტეტი ძალიან მალე რეგიონული განვითარების ცენტრად გადაიქცევა საქართველოში“

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა – დავით ონიაშვილმა, პოლონეთის VII მოწვევის პარლამენტის დეპუტატთან – ტომაშ მაკოვსკისთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში შეაჯამა და საკრებულოს დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა. ქართული დელეგაცია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში 2-11 მაისს იმყოფებოდა, სადაც ოფიციალური შეხვედრები გამართა თვითმმართველ ერთეულთან დამეგობრებული მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან და სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან. მხარეებმა ერთმანეთს სხვადასხვა მიმართულებით დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებსა და მასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრეს.
გორის მუნიციპალიტეტის დელეგაციის წევრებმა, კოლეგებთან ერთად, პოლონეთში ინფრასტრუქტურული ობიექტები, საწარმოები და სხვა ობიექტები მოინახულეს. მემორანდუმის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ერთობლივი პროექტების განხორციელებაც იგეგმება.
დღეს, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გამართულ შეხვედრაზე, ევროპარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა და ამჟამად, პოლონეთის პარლამენტის წევრმა – ტომაშ მაკოვსკიმ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს ის ბერკეტები და შესაძლებლობები გააცნო, რომლითაც გორის მუნიციპალიტეტი ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების მიღებას შეძლებს როგორც ინფარსტრუქტურის, ისე ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით.
„ვფიქრობ, რომ გორის მუნიციპლაიტეტი ძალიან მალე რეგიონული განვითარების ცენტრად გადაიქცევა საქართველოში. ამისთვის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ. გორის მუნიციპალიტეტი სწრაფად ვითარდება და მას განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია“- აღნიშნა პოლონეთის პარლამენტის დეპუტატმა.
ტომაშ მაკოვსკი საქართველოში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოწვევით იმყოფება და ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრების გამართვას გეგმავს. პოლონეთის პარლამენტის დეპუტატი, სხვა მეგობარი ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებთან ერთად, ღვინის ფესტივალსაც – „ატენი 2016“ დაესწრება, რომლის გამართვაც 28 მაისს იგეგმება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიასაბურთალოს რაიონის გამგეობასა და ორგანიზაცია „ეკოლოგიკას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა