ვფიქრობ, დიალოგით შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება და არა, ძალისმიერი გზით

პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს სოფელ ბირკიანში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჩავიდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.

სახალხო დამცველი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ნინო ლომჯარია ვარაუდობს, რომ მოსახლეობასთან ხეობაში ჰესების მშენებლობის საკითხზე არასაკმარისი კომუნიკაცია იყო.

„პირველი შთაბეჭდილება არის ის, რომ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით არ იყო საკმარისი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ისინი ვერ დაარწმუნეს, რომ ჰესის მშენებლობას არ ექნება მათ ცხოვრებაზე და ეკოსისტემაზე გავლენა. ვფიქრობ, როცა ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, აუცილებელია, რომ მოსახლეობა იყოს საკმარისად ინფორმირებული. ვითარებაში, როცა პანკისის ხეობაში მსგავსი ტიპის ქმედებებს ვიცით, რომ შესაძლოა, სახიფათო გამწვავება მოჰყვეს, სანამ ხელისუფლება ასეთ ნაბიჯებს გადადგამს, გონივრული იქნებოდა, ყოფილიყო კომუნიკაცია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, ზოგადად, ხეობაში ბევრ საკითხზეა პროტესტი, მათ შორის მიმდინარე გამოძიებებზე.

„როდესაც ამის ფონზე ხორციელდება ძალისმიერი ქმედებები ხეობაში, საზოგადოებას აქვს ორმაგი პროტესტი და განცდა, რომ ეს არის რევანში და სადამსჯელო ოპერაცია“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

მისი შეფასებით, პრობლემის მოგვარება დიალოგის გზით არის შესაძლებელი.

„ვფიქრობ, დიალოგით შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება და არა, ძალისმიერი გზით. როგორც ვიცი, დაკავებულები ყველა გაათავისუფლეს. არ ვიცი, სამომავლოდ იქნება თუ არა დაკავებების სერია, რა თქმა უნდა, მივადევნებთ თვალს ამ პროცესს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, დღეს ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ეგზიტპოლების მონაცემები შეცდომით გამოაქვეყნეს
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე:არ შეიძლება ხალხის მოთმინების გამოცდა!