გვახსოვს, ამბობდნენ, შეშა არაფერს წარმოადგენდა თუ არა რესურსს, რომ გამთბარიყვნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტომრებში ჩატენილი შეშა ბარიკადებისთვის იყო, შეშა იყო ცეცხლმოკიდებული იარაღი პოლიციის მისამართით სასროლად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„თუ რევოლუციურ სცენარში გათვალისწინებულია კარვების გამოყენება, რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა იმოქმედონ. ძალიან კარგად გვახსოვს, როცა ამბობდნენ, რომ შეშა არაფერს წარმოადგენდა თუ არა რესურსს, რომ გამთბარიყვნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე, ტომრებში ჩატენილი შეშა ბარიკადებისთვის იყო, რომელიც ვერ ააშენეს. შეშა იყო ცეცხლმოკიდებული იარაღი პოლიციის მისამართით სასროლად. მთავარი თემა გვავიწყდება – რა გამოავლინა სუსი-ს გამოძიებამ და რა გვეუბნება ფარული ჩანაწერები? – აქედან გამომდინარე ვალდებული ვართ, ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც დესტაბილიზაციის საშუალებას არ მისცემს იმ ძალებს, ვისთვისაც რევოლუცია და სისხლისღვრა მთავარი მიზანია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.