ვოლსკი – საქართველო მოწინავე პოზიციებზეა და შესაძლებლობების ფანჯარა მუდმივად ღია იქნება

ცვლილება და სხვაობა არსებულ მდგომარეობასა და იმ მდგომარეობას შორის, რომელიც გვქონდა, იმდენად დიდია, რომ უსამართლობის განცდა გიჩნდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში რიგ საკითხებზე რეფორმები დასრულებული არ არის, რაც ქვეყნის თვითკრიტიკის სფეროს განეკუთვნება.

„არის საკითხები, რომელიც თვითკრიტიკის სფეროს განეკუთვნება და ჩვენ ვამბობთ, რომ რიგ საკითხებზე რეფორმები დასრულებული არ არის, მაგრამ ევროპარლამენტარი, რომელსაც არ ესმის სტრასბურგში განხილული ათეულობით საქმე, რომელიც ადასტურებს იმას, რომ საქართველოში, წინა ხელისუფლების პირობებში იყო წამება და ადამიანის უფლებების დარღვევის უამრავი ფაქტი, რასაკვირველია, სერიოზული კითხვები გაგიჩნდება, როგორ შეიძლება, რომ ეს იყოს დემოკრატიასთან სიახლოვე და საქართველოში დღეს არსებული სიტუაცია არ არის დემოკრატია. ჟურნალისტების დევნის ან მათი ცუდი მდგომარეობის რომელი ფაქტები არსებობს? – ერთი ფაქტი რომელიც მოხდა, ამისთვის უამრავია ადამიანი დაისაჯა. საქართველოში მედია და სისტემა ერთ ადამიანზე იყო დამოკიდებული. ცვლილება და სხვაობა არსებულ მდგომარეობასა და იმ მდგომარეობას შორის, რომელიც გვქონდა, იმდენად დიდია, რომ უსამართლობის განცდა გიჩნდება. ძალიან სერიოზული გამოწვევა იქნება ის, თუ საზოგადოებას ასეთი განცდა გაუჩნდება უსამართლობის მიმართ, რომელიც მთელ რიგ შემთხვევებში მოვისმინეთ ლობისტებისგან, რომლებიც პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერთა გარკვეულ კასტად ჩამოყალიბდა. იყო პოზიტიური განცხადებებიც“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის განცხადებით, შესაძლებლობების ფანჯარა მუდმივად არსებობს.

„როცა საქართველო რეგიონში მოწინავე პოზიციებზეა მართლმსაჯულების, კორუფციასთან ბრძოლისა და საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით და მედია თავისუფლების მიმართულებით, რასაკვირველია, შესაძლებლობების ფანჯარა მუდმივად ღია იქნება, მაგრამ ბარიერის ხელოვნურად შექმნა იმის გამო, რომ ვიღაცას საქართველოში არ მოსწონს ის, რომ ხელისუფლებაში არ იმყოფება ან ომის ფონზე მეორე ფრონტი არ არის გახსნილი, რასაკვირველია, ეს თემა ვერ განიხილება, როგორც სამართლიანი კრიტიკა. კანდიდატის სტატუსზე წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ საქართველოს ყველა რეიტინგი და მაჩვენებელი არის გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე რეგიონში სხვა ქვეყნებს გააჩნიათ, თუნდაც, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას. „ნაცმოძრაობის“ ლობისტობა მხოლოდ იმით არ არის განპირობებული, რომ გარკვეულ ადამიანებს პოლიტიკური ინტერესი აქვთ. აქ არის შიში იმის, რომ როგორმე ბალანსი არ დაირღვეს და “ნაცმოძრაობამ” საბოლოო დამარცხება არ განიცადოს პოლიტიკურ ველზე, თუ რაიმე პოზიტიურად იქნა შეფასებული მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ. ორმაგი სტანდარტი არის ძალიან რბილი გამონათქვამი იმასთან შედარებით, რასაც ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს ცალკეული ევროპარლამენტარების გამონათქვამებში. ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის აშკარა უსამართლობა და ცუდი იქნება, თუ საზოგადოების დიდი ნაწილი ამ უსამართლობას კრიტიკულად შეაფასებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზაალ უდუმაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიასახელმწიფო მინისტრის აპარატი – გაერო-ს რეზოლუცია ადასტურებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს