ვოლსკი – ნიკა გვარამიამ 7 მილიონით აზარალა ტელეკომპანია, თაღლითური სქემაა ფაქტობრივად – სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, დანაშაულის ნიშნები არსებობს

ნიკა გვარამიამ 7 მილიონით აზარალა ტელეკომპანია, თაღლითური სქემაა ფაქტობრივად, მაგრამ სამართლებრივი ფორმულირება ჩემი მხრიდან ვერც გაკეთდება, მე ვფიქრობ, ამ სქემაში მანქანა ყველაზე მცირე ნაწილია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ავტომობილის საკითხს ოპონენტები პროპაგანდისტულად იყენებენ.

“არსებობს კონკრეტული მოცემულობა, რაც სასამართლომ განიხილა. დახაზულია სქემა, რომ 7 მილიონით, ცოტა მეტი თუ ნაკლები ლარით, იქნა დაზარალებული ტელეკომპანია „რუსთავი 2“. თაღლითური სქემაა ფაქტობრივად, მაგრამ სამართლებრივი ფორმულირება ჩემი მხრიდან ვერც გაკეთდება.

რაც შეეხება მანქანის თემას, მე ვფიქრობ, ამ სქემაში მანქანა ყველაზე მცირე ნაწილია, თუმცა, თვალსაჩინო მაგალითია. პროპაგანდისტული გამოცდილება, რაც სააკაშვილთან დაკავშირებით დაგროვდა, როცა ვითომ პიჯაკებზე იყო ლაპარაკი, ამ შემთხვევაშიც პიარ პროგრამით გამოიყენება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, თუკი, როგორც თავად ამბობს, მანქანის ეპიზოდი დანაშაულის მცირე ნაწილია, რამდენად სამართლიანია კითხვები პატიმრობასთან დაკავშირებით, რადგან პატიმრობა გვარამიას სწორედ ავტომობილის ეპიზოდზე შეეფერდა, ვოლსკი აღნიშნავს, რომ მანქანის ფასი 7 მილიონთან შედარებით მართლაც დაბალია და დასძენს, რომ “შეიძლება თავად სცდება და სასამართლოს შემდგომმა ინსტანციამ უკეთ დაითვალოს.”

“სქემა არის მოფიქრებული ისეთი, რომ ძვირადღირებული მანქანა აღმოჩნდა მის გამოყენებაში, მაგრამ ფასებით თუ გამოვიანგარიშებთ და 7 მილიონს შევადარებთ მანქანის ფასს… აქ დანაშაულის სქემაზეა საუბარი, თვალსაჩინოებაზე, როგორ მოხდა მანქანის საკითხზე დანაშაულის ჩადენა, თუმცა 7 მილიონთან შედარებით მანქანის ფასი საკმაოდ დაბალია.

სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, დანაშაულის ნიშნები არსებობს, ფაქტია, რომ ამ სქემის საწინააღმდეგოდ სათქმელი ოპონენტებს არაფერი აქვთ. სქემა არსებობდა რეალურად, ეს სქემა შესრულდა და ტელეკომპანიამ განიცადა მატერიალური ზარალი. შეიძლება მე ვცდებოდე და უკეთესად დაითვალოს სასამართლოს შემდგომმა ინსტანციამ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიირლანდიის სენატმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა გენოციდად აღიარა
შემდეგი სტატიაშვედეთი უკრაინას უფრო მეტ ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას გაუწევს