21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ვოლსკი: ნიკა გვარამია გამოცდილი პროპაგანდისტია, ოპოზიციაში შეტაკებაა, თუმცა იდეა მაინც აერთიანებთ

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის მიერ ნიკა გვარამიას მისამართით გაკეთებულ ბრალდებებს ეხმაურება. ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირება და „შეტაკება“ სახეზეა, თუმცა ეს პარტიების საბოლოო დაშლას არ ნიშნავს, რადგან მათ საერთო ინტერესები აკავშირებთ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ნიკა გვარამიას მედიასაქმიანობა და პოლიტიკური წარსულიც შეაფასა:

„ნიკა გვარამია გამოცდილი პროპაგანდისტია, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ პოზიტიური, პირიქით — საკმაოდ დიდი გამოცდილებით, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის, ასევე იმ პროპაგანდისტული სივრცის შექმნაში, რომელიც ამ ისტერიკას თესავდა, როდესაც კონკრეტულ ტელევიზიას ხელმძღვანელობდა“, — განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვიცე-სპიკერის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თუ ახლანდელ ლიდერებს შორის არსებული კამათი პოლიტიკურ სურათს არ ცვლის, რადგან ისინი საბოლოო ჯამში მაინც ერთ ძალას წარმოადგენენ:

„რასაკვირველია, დაპირისპირება სახეზეა. ჩვენ ვხედავთ არათუ დაშლას, არამედ შეტაკებას. ამას დაშლას ვერანაირად ვერ დავარქმევ, რადგან იდეა აერთიანებთ და ამ იდეის გარშემო გვარამიაც, სააკაშვილიც, წითლიძეც, ხაბეიშვილიც და ნებისმიერი სხვა ადამიანიც ერთადაა. ერთმანეთს ხან შეეკამათებიან, ხან მოეფერებიან და ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“, — აღნიშნა ვოლსკიმ.

მან ასევე დასძინა, რომ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის არცერთ ფრთასთან კავშირი არ აქვს და არც „40 მილიონი შავი ფული გააჩნია, რომ ამ მავნებელთა სასარგებლოდ დაარიგოს“.

banner
წინა სტატიაშიანა წითლიძე: გვარამიამ თავისი კაპიტალიზება მიშას რესურსით მოახდინა — იგი “ენმ”-ის არაფორმალური მმართველი იყო
შემდეგი სტატიააშშ-ში საქართველოს მოქალაქეს 1.3 მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემაში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენეს