„ნაციონალურ მოძრაობაში“ გაურკვეველია, გადაწყვეტილებებს ვინ და რის საფუძველზე იღებს, რაღაც ხაბეიშვილიზმი ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, მთავარი პრობლემაა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სტრატეგია არ შეიცვალა.
„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ახალმა მენეჯმენტმა გაურკვეველი რეჟიმი დაამყარა. სტრუქტურები, პრაქტიკულად, არ მუშაობს. მათთვის გაურკვეველია, გადაწყვეტილებებს ვინ იღებს და რის საფუძველზე. რეალურად, რაღაც ხაბეიშვილიზმი ჩამოყალიბდა, რომელსაც კეზერაშვილისგან ფინანსური მხარდაჭერა აქვს. ამ ვითარებაში დამატებითი ვერანაირი იდეა, სიახლეები ვერ შემოაქვთ, რომელიც შეიძლება, პოლიტიკურმა ძალამ საზოგადოებას წარუდგინოს. მთავარი პრობლემაა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არც ნირი, არც სტრატეგია არ შეიცვალა და ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო ინტელექტუალურად მაღალია. რისთვის? არა სამშობლოსთვის, არამედ დესტაბილიზაციის განსახორციელებლად. დანარჩენი პარტიული, სამართლებრივი და იდეური, პოლიტიკური ნაწილი აბსოლუტურად არეულია. ეს მოსალოდნელიცაა, როდესაც პოლიტიკურ პარტიაში არაფორმალური მმართველობა არსებობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.