ვოლსკი: კრამერს შეეძლო, უფრო დიპლომატიურად მოქცეულიყო და მეტი კომპეტენცია წარმოეჩინა

ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი ფიქრობს, რომ ირმა ინაშვილმა გუშინ, 10 სექტემბერს საერთაშორისო კონფერენციაზე დაუპატიჟებლად მისვლით და ხმაურით თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი შეასრულა, თუმცა, ამაში ხელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმაც შეუწყო.

“ირმა ინაშვილმა თავისი პარტიის და პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგი სრულად შეასრულა. რასაკვირველია, მე არ მივესალმები, როცა არა ხარ კონფერენციაზე დაპატიჟებული, არ უნდა მიხვიდე, აგრესიას ქმნის, დამაზიანებელია ზოგადად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კრამერის მიმართ გაჟღერებული შენიშვნები, მათ შორის ჯო ჯონსონის მიერ, IRI-ის ყოფილი პრეზიდენტია, რომ მან დაკარგა მოთმინება, მიუხედავად იმისა, რომ მაინც ვერ მიაღწია იმას, რაც უნდოდა. საკმაოდ ისეთი, სათუო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი კომპეტენცია. რატომღაც ამერიკელ დიპლომატად მოიხსენიებენ [კრამერს], ესეც ტყუილია, ეს არ არის ამერიკის პოზიცია. აშშ თავშეკავებულია, კორექტულია საქართველოს მიმართ, მათ შორის იმის მიმართ, ვინც, შესაძლოა, მის პოლიტიკურ პოზიციებს არ პასუხობს. საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე ამ თემას არანაირად არ უმოქმედია. კრამერს შეეძლო, უფრო დიპლომატიურად მოქცეულიყო და მეტი კომპეტენცია წარმოეჩინა.

ირმა ინაშვილმა თავისი გეგმა და თავისი პოლიტიკური მხარდაჭერის გეგმა გარკვეულწილად შეასრულა. ამაში ხელი კრემერმა გარკვეულწილად შეუწყო ხელი. ეს მარტო ჩემი აზრი არ არის, ეს არის ჯო ჯონსონის აზრი”, – თქვა გია ვოლსკიმ.

პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა. შეჭრისას, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ინაშვილის საქციელმა კრამერი აღაშფოთა.

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა მოგვიანებით განმარტა, რომ არ იცოდა, ვინ იყო ირმა ინაშვილი.

“ყველაფერი ძალიან მარტივია, მე არ ვიცოდი, ვინ იყვნენ ეს ადამიანები. მე ვნახე ვიღაც მიკროფონით, რომელიც უხეშად შემოიჭრა კონფერენციაზე. შემდეგ ის ქალი შემოვიდა, არც მის შესახებ ვიცოდი, ვინ იყო. ყველა კამერა მასზე იყო კონცენტრირებული. მე გადავწყვიტე, რომ სიტუაცია უნდა განემუხტა, სხვანაირად კონფერენცია ვერ გაგრძელდებოდა. ჩემი ინტერესი კონფერენციის განახლება იყო. მას შეუძლია, აქ იყოს. არ ვიცოდი, ვინ იყო, შეუძლია დარჩეს. კაცი მიკროფონით განსაკუთრებით უხეში და ნაგავი იყო” – უთხრა კრამერმა ტაბულას.

banner
წინა სტატიაში“რეზონანსს” და სხვებს ვეხმაურები”-რას წერს ირმა ინაშვილი
შემდეგი სტატიაბურჯანაძე: ჩემს გარდა არავის აქვს რუსეთთან პირდაპირი დიალოგის წამოწყების გამბედაობა