პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ხშირი საკადრო ცვლილება არ არის კარგი, მაგრამ ყველაფერი შედეგების მიხედვით ითვლება.
„ზოგადად, ხშირი საკადრო ცვლილება არ არის კარგი, მაგრამ არის ფორმულა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ – ყველაფერი შედეგების მიხედვით ითვლება. შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ ტურბულენტურ სამყაროში, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული სერიოზული გამოწვევების ფონზე, ამ სამსახურს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად ყოველთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. ვერ ვიტყოდი, რომ ახალი ხელმძღვანელი მოსულია გარედან. დიდი ხნის განმავლობაში თვითონაც ხელმძღვანელ პოზიციაზე იყო, გადაწყვეტილებებიც კოლექტიურად მიიღებოდა. არ მგონია, რომ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამაზე შეიძლება დაისვას. რასაკვირველია, სჯობს, ერთი ადამიანი მუშაობდეს და იყოს წლების განმავლობაში, მაგრამ გარკვეული ვითარება არსებობს, როდესაც გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია“, – განაცხადა ვოლსკი.








