პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, არავის აქვს თვითმიზანი, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე და ნებისმიერი სხვა, იყოს გასამართლებული და ციხეში იხდიდეს სასჯელს.
“საერთაშორისო პრაქტიკა ასეთია – საქართველოში ახლი არაფერი მოუგონიათ. თუკი ითანამშრომლებ გამოძიებასთან და ცოდვას მოინანიებ, რასაკვირველია, მართლმსაჯულება, ყოველ შემთხვევაში, დემოკრატიულ სამყაროში ასეა, უნდა იყოს შემწყნარებელი, თუმცა ეს არ ნიშნავს ბრალის გაუქმებას და განულებას. დანაშაული ჩადენილია. მაინც ემოციურად ვუდგები, ვინაიდან, განწყობაც ყოველთვის ასეთი მქონდა. მრავალშვილიანი მამაა. იმედი მაქვს, რომ მართლა გულწრფელად ინანიებს დანაშაულს. არავის აქვს თვითმიზანი, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე და ნებისმიერი სხვა, იყოს გასამართლებული და ციხეში იხდიდეს სასჯელს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, მსჯავრდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება იმ საქმეზეც გაუფორმდა, რომელზეც 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. კერძოდ, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, ასევე ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა პენიტენციურ დაწესებულებას სექტემბრის ბოლოს დატოვებენ, რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის ციხეს ზუსტად 2 წელში დატოვებს.








