დიდი ხანია, მიდის ლაპარაკი, რომ ხალხი უნდა დაისაჯოს. ვინც ლომჯარიას მხარს უჭერს, მათ ვიზები ჰქონდეთ, ხოლო ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, უნდა დაისაჯოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„აღმაშფოთებელია ის, რომ დიდი ხანია, არსებობს მცდელობა, საქართველოში ბომბები ჩამოვარდნილიყო, ეს რეალურია და ამაზე მუშაობა დღესაც გრძელდება. ეს რომ არ იყოს დაშვებული, ხელისუფლება მუშაობს. ხელისუფლების შერყევა ვერ მოახერხეს. რასაკვირველია, არჩევნების გზით ყოველთვის არიან წაგებული. ვერც რევოლუციურ-ექსტრემისტული მოქმედებებით შეძლეს რაიმე. დიდი ხანია, მიდის ლაპარაკი, ხალხი უნდა დაისაჯოს. ვინც ლომჯარიას მხარს უჭერს, ვიზები ჰქონდეთ, ხოლო ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, დაისაჯოს. ყველა დიდ ქვაბში უნდა მოიხარშოს. საქართველოში ხალხი თუ არ გაღიზიანდება და არ იქნება ნეგატიური განწყობა ხელისუფლების მიმართ, ისინი ხელისუფლებაში მოსვლას ვერ შეძლებენ. მათი ამოცანაა, როგორმე შეიქმნას ეკონომიკური პრობლემები და ისე მოხდეს, რომ ვინც რუსულ ბაზარზე გადის, როგორმე ისინიც ამ რევოლუციონერთა ჯგუფში ჩაწერონ. ამას ის ახალგაზრდები დაუმატონ, ვისაც უვიზო მიმოსვლა შეუჩერდებათ. ახლა ამ რევოლუციურ გზას ავითარებენ და ამ საკითხებზეა საუბარი გერმანიის ელჩთან, რომელიც აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი მხარდამჭერია ამ ექსტრემისტული ჯგუფების“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, გერმანიის ელჩი „ნაციონალური მოძრაობის“ დამატებით ძალად ჩამოყალიბდა.
„ევროკავშირის ელჩისთვის რთულია, გარკვეული წინადადებებით შევიდეს, რადგან, ასე თუ ისე, ევროკავშირში გადაწყვეტილებას არა ბიუროკრატია, არამედ ქვეყნების გაერთიანება იღებს, რაზედაც ელჩს მანდატი არ გააჩნია. პირდაპირ ჩართულობისგან თავს იკავებს, მაგრამ ჩრდილში არის და გეგმით მოქმედებს. ამას არც მალავს და ამბობს, ხელისუფლებას ისეთი პირობები უნდა შეექმნას, რევოლუციებით შეირყეს და მარიონეტული ხელისუფლებით ჩანაცვლდეს. ჩვენ მყარად ვდგავართ და ქვეყანას სამშვიდობოზე გავიყვანთ. მეხუთე კოლონას წარმატება არ უწერია, რადგან საზოგადოება ისე ვერ გაიყიდება, როგორც თავად გაიყიდნენ. პერსპექტივა არ გააჩნიათ და ამის გამო გადაწყვიტეს, ეკონომიკური ნგრევა და უვიზო მიმოსვლის შეჩერება იქნება ის ფაქტორი, რაც საზოგადოებას გააღიზიანებს და გაზრდის იმ მილევად აქტივობებს, რაც ამ ექსტრემიზმს წაახალისებს. ეს გეგმა აქვთ და მათი სცენარი მკაფიო კონტურებით ჩამოყალიბდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

















