ვოლსკი აშშ-ის საელჩოზე – კონკრეტული უარყოფაა საჭირო და ხელის გაშვერა მოკავშირე ქვეყნის ხელისუფლებისკენ, სწორი არაა – არ წაადგება ორი ქვეყნის ურთიერთობებს და აშშ-ის იმიჯსაც

სხვა სახის განცხადება უნდა გაკეთდეს: რა სახის აქტივობებში იყო მათი თანამშრომელი ჩართული, საერთოდ იყო თუ არა და რატომ არის მისი გვარი მითითებული ამ ანგარიშში – ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა არ წაადგება ჩვენს ურთიერთობებს და არც აშშ- ის იმიჯს , – ასე ეხმიანება აშშ- ის საელჩოს განცხადებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

მისი თქმით, “ხელისუფლებასთან ჩვეული ჭიდილი ნამდვილად არ არის სწორი”.

“თუ რაიმე პრეტენზია არსებობს, ეს საელჩოს განცხადებაში იქნება, მარგველაშვილის განცხადებაში, თუ ნებისმიერ სხვა განცხადებაში, ხელისუფლებას და იმ ადამიანებს კი არ უნდა მიუტრიალდნენ და საყვედური უთხრან, რომლებიც ამ თემაზე საუბრობდნენ, არამედ ანგარიშს, რომელიც გამოქვეყნდა და მადლობა ღმერთს, რომ გამოქვეყნდა. ჩამოთვლილია, გვარებია მითითებული ადამიანების, რომლებიც თანხის სანაცვლოდ სამუშაოს ასრულებენ, პირადად იღებენ, ეს სამუშაო რესურსია, რაიმე სხვა შესაძლებლობების გამოყენება – მედია სტატიების შეკვეთა თუ სხვა, ადამიანის გვარი ფიგურირებს საკმაოდ ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიშებში, ეს არის მთავარი და საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვეული ჭიდილი ნამდვილად არ არის სწორი.

თუკი ფარას ანგარიშში მოხსენიებულია საელჩოს თანამშრომელი და მითითებულია თანხა, რომლის რეალიზაციაში, გამოყენებასა და გახარჯვაში მითითებულია, რომ აშშ- ის საელჩოს თანამშრომელია ჩართული, კონკრეტული უარყოფაა საჭირო და არავისკენ ხელის გაშვერა, მით უმეტეს ასეთი მოკავშირე ქვეყნის ხელისუფლებისკენ, რომელიც აშშ-სთან ერთად მონაწილეობს ოპერაციებში, ითვლება სტრატეგიულ პარტნიორად, სწორი არაა, არ წაადგება ორი ქვეყნის ურთიერთობებს და აშშ- ის იმიჯსაც რასაკვირველია. აქედან გამომდინარე, სხვა სახის განცხადება უნდა გაკეთდეს, რა სახის აქტივობებში იყო ეს ადამიანი ჩართული, საერთოდ იყო თუ არა და რატომ არის მისი გვარი მითითებული ამ ანგარიშში”, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ ზაპოროჟიეს რეგიონის ორიხივის რაიონის სამხრეთით მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შემდეგი სტატიაკირბი: უკრაინის კონტრშეტევა ჩიხში არ არის, მაშინაც კი, თუ ის საკმარისად სწრაფად არ პროგრესირებს