11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ვოლსკი: არავისთან ვართ გაბუტული, ზელენსკის არაკორექტული შეფასებისა და დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველოს არასდროს შეუწყვეტია უკრაინისთვის დახმარება

“საქართველო არავისზეა გაბუტული“ — ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრემიერ კობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედრას. ვოლსკის განცხადებით, მიუხედავად ოფიციალური კიევის მხრიდან გაჟღერებული „არაობიექტური შეფასებებისა“, თბილისს უკრაინის მხარდაჭერა არასდროს შეუწყვეტია და ურთიერთობების პოზიტიურ კალაპოტში დაბრუნების იმედს გამოთქვამს.

„სამხედრო დახმარების აღმოჩენა ნიშნავდა ომში ჩართვას, რასაც ისინი ითხოვდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვილაპარაკოთ. ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ზელენსკისაც და კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ არ არსებობს რეზოლუცია და საერთაშორისო ფორმატი, სადაც საქართველო უკრაინის მხარდამჭერად არ გამოსულა. დღემდე, ქართულ სკოლებში, უკრაინულ განყოფილებებში რამდენი ათასი უკრაინელი ბავშვი სწავლობს. დაითვალეთ, რამდენი ასეული უკრაინელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში და  დასკვნები ამის მიხედვით გავაკეთოთ. ვფიქრობ, ეს საკითხი რომ შევახსენოთ ზელენსკის, არ იქნება ურიგო.

ცუდი პროპაგანდა მიმდინარეობს მედიასაშუალებებში. რასაკვირველია, შეიძლებოდა, მეტი პოზიტიური ურთიერთობა ყოფილიყო. საქართველო ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყანაა და ესეც უნდა გაითვალისწინოს. მუდმივი მცდელობა, რომ საქართველო ჩართულიყო საომარ მოქმედებებში, განაპირობებს იმ რთულ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ ჩამოგვიყალიბდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთთან საუბრისთვის არ უნდა მოიცალონ და ხელი არ ჩამოართვან. მსოფლიო პოლიტიკა მაგით ხასიათდება – დღევანდელი დღე ხვალინდელით იცვლება, სადაც შეიძლება, აბსოლუტურად სხვა სტრატეგიული მიზნები და ხედვები ჩამოყალიბდეს. იმედია, უკრაინასთან ურთიერთობები პოზიტიური იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მერვე სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა და ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრეს.

banner
წინა სტატიაშისომხეთმა და ბრიტანეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
შემდეგი სტატიაგანსაკუთრებით დიდი ოდენობით “კოკაინი” დროებით ბინაში – პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა