ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულ ქალაქებთან დაძმობილებულ ამერიკულ ქალაქებს მიმართა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსულ ქალაქებთან დაძმობილებულ ამერიკულ ქალაქებს მიმართავს და მათ რუსეთთან კავშირების გაწყვეტისკენ მოუწოდებს. ზელენსკის თქმით, ეს საჭიროა რუსეთის სრული იზოლაციისთვის. ამის შესახებ უკრიანის პრეზიდენტმა აშშ-ის მერების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მსოფლიოს უნახავს სხვადასხვა ტირანია, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა დროშის ქვეშ. ყველა მათგანს აერთიანებს ის, რომ ისინი ლახავენ ჩვეულებრივი ადამიანების უფლებებსა და თავისუფლებებს. ტირანები არ აღიარებენ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებებსა და თავისუფლებებს და ჩვეულებრივ, ქალაქებში სწორედ თავისუფალი ადამიანები, რომლებიც ირჩევენ თავისუფლებას, წერტილს სვამენ ტირანების ისტორიაში. იმისთვის, რომ ასეთი წერტილი დაისვას, ტირანებს არ უნდა ჰქონდეთ საშუალება, გამოიყენონ თავისუფალ მსოფლიოსთან ნებისმიერი კავშირები. თქვე იცით, რომ ათობით ამერიკული ქალაქი ინარჩუნებს ე.წ. დაძმობილებულობას რუსეთის ქალაქებთან – ჩიკაგო და მოსკოვი, ჯექსონვილი და მურმანსკი, სან-დიეგო და ვლადივოსტოკი, ოლბანი და ტულა, რას გაძლევთ ეს კავშირები? ალბათ, არაფერს. რუსეთს კი ეს აძლევს საშუალებას თქვას, რომ ასეთი ომის დაწყების შემდეგაც ის არ არის იზოლირებული. ყველა ხედავს, როგორ ომობს რუსული არმია და რას უკეთებს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს. მისი სისასტიკე არ განსხვავდება წინა დროის ტირანიებისგან. მარიუპოლი საპორტო ქალაქი იყო, სამრეწველო ცენტრი ნახევარი მილიონი მოსახლეობით. რუსეთმა ის უბრალოდ გაანადგურა. იქ არაფერია, ნანგრევების გარდა. იგივე ეხება ქალაქ ვოლნოვახას და ათობით სხვა ქალაქს, რომლებსაც რუსული არმია წვავს ყოველდღიურად ბომბებით, რაკეტებით და არტილერიით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 24 თებერვლის შემდეგ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 2 500-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა, მათი უმრავლესობა საქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

„რუსული რაკეტებიდან ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი შემუშავებულია და იწარმოება ეკატერინბურგში, რომელიც დღემდე ქალაქ სან-ხოსეს დაძმობილებული ქალაქია. დარწმუნებული ვარ, ბევრმა თქვენგანმა ნახა და მოისმინა, რა გააკეთეს რუსმა სამხედროებმა ჩვენს ქალაქ ბუჩაში. მასობრივი მკვლელობები, წამება. მოკლული ადგილობრივების ცხედრები ქუჩაში იყო, ვიდრე რუსი სამხედროები ქალაქში რჩებოდნენ. რუსეთის ძალების ერთ-ერთი ბრიგადა, რომელმაც ეს ყველაფერი ბუჩაში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა, იყო რუსეთის ხაბაროვსკის მხარის ბრიგადა. ამ რეგიონის დედაქალაქი ხაბაროვსკი ამ დრომდე არის ამერიკული პორტლენდის დაძმობილებული ქალაქი. რატომ? გიტოვებთ ამ კითხვას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა ამერიკული ქალაქების მერებს, ადგილობრივ კომპანიებს, სპეციალისტებს, მონაწილეობა მიიღონ უკრაინის აღდგენის პროექტებში, როდესაც ომი დასრულდება.

„თქვენ ასევე შეგიძლიათ გახდეთ ის ადამიანები, რომლებიც ირჩევენ თავისუფლების დაცვას და წერტილს სვამენ ტირანიის ისტორიაში. აშშ-ის ლიდერობის და ყველა ჩვენი პარტნიორის წყალობით, უკრაინა იღებს აუცილებელ იარაღს, რომ იომოს თავისუფლებისთვის, თუმცა ასევე საჭიროა თავისუფალი მსოფლიოს ეკონომიკური უპირატესობის ჩვენება. ამიტომ, ვთავაზობთ ჩვენს პარტნიორებს, შეუერთდნენ უკრაინის აღდგენას.

გახსოვდეთ, ფართომასშტაბიანი ომი ევროპაში და მსოფლიო ბაზრების დესტაბილიზაცია, რაც რუსეთის გამო ხდება, პირდაპირ აისახება ყველა ერისა და თავისუფალი მსოფლიოს ყველა ქალაქის ცხოვრებაზე. ამიტომ, მოუწოდეთ რუსეთზე უფრო მეტი ზეწოლისკენ. ნუ დაეხმარებით თავის მართლებაში. ნუ შეინარჩუნებთ მასთან კავშირებს. და გთხოვთ, არ მისცეთ საშუალება მათ, ვინც გახდა მკვლელი, თქვენ საკუთარი ძმები გიწოდოთ“, -აღნიშნა ზელენსკიმ აშშ-ის ქალაქების მერებისადმი მიმართვაში.

წინა სტატიაშისევეროდონეცკში დაკარგული ტერიტორიის დაახლოებით 20% დავიბრუნეთ – გაიდაი
შემდეგი სტატიალიზ ტრასი – პუტინის ინტერვენციამ უკრაინაში გამოიწვია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არნახული მასშტაბის სიკვდილი და ნგრევა