13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას სურს, უსაფრთხოების გარანტიებს ხელი ომის დასრულებამდე მოაწეროს

აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებას მხოლოდ დონბასიდან გასვლის შემდეგ შევძლებთ, უკრაინას კი სურს, გარანტიებს ხელი ომის დასრულებამდე მოეწეროს,- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესში შეერთებულმა შტატებმა გამოთქვა მზადყოფნა, უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები დონბასიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, მან „მხოლოდ აისბერგის წვერი აჩვენა“.

„აისბერგის უმეტესი ნაწილი უხილავია, მაგრამ დამიჯერეთ, მე მცირე ნაწილი გაჩვენეთ. ამას სრულიად გულწრფელად გეუბნებით. მოლაპარაკებების პროცესში მიღებული ყველა სიგნალი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ შევძლებთ აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებას არა ცეცხლის შეწყვეტამდე და არა ომის დასრულებამდე, არამედ ჩვენი ჯარების დონბასიდან გასვლის შემდეგ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ვიდეოკონფერენციის დროს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას სურს, უსაფრთხოების გარანტიებს ხელი ომის დასრულებამდე მოაწეროს.

მისი თქმით, ეს გარანტიები ძალაში შევა კონგრესის მიერ კენჭისყრის შემდეგ და კონგრესი ხმას მისცემს ომის დასრულების შემდეგ.

„თუმცა, ჩვენ გვითხრეს, რომ საკითხი არა იმაში მდგომარეობს, თუ როდის შევა ეს ძალაში, არამედ იმაში, როდის მოგვცემენ ამ გარანტიებს. გარანტიები სწორედ მაშინ მოგვეცემა, როდესაც დონბასს დავტოვებთ. და ეს არის დღეს ომის დასრულების პირობა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იმის რისკი, რომ რუსეთი კვლავ დაიწყებს აგრესიას, საკმაოდ მაღალია, ამიტომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. ამასთან, ზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს აშშ უკრაინაზე ზეწოლას ახორციელებს.

„შეიძლება, ისე აღიქმებოდა, თითქოს ამერიკელები ზეწოლას ახდენდნენ, რომ ჩვენ გავიდეთ დონბასიდან და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვცემენ გარანტიას. მაგრამ მე არ ვამბობ, რომ ისინი ჩვენზე ზეწოლას ახდენენ. ეს არასდროს მითქვამს არც საჯაროდ და არც სხვაგვარად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ ვაშინგტონი უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანას ითხოვს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განმარტა, ზელენსკის სრულიად განსხვავებული რამ უთხრეს. მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს რუსული მოთხოვნები გადაეცა. რუბიოს თქმით, შეერთებული შტატების როლი იყო იმის გაგება, რა სურდა ორივე მხარეს და შესაძლო შუალედური პოზიციის პოვნა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ კიევს უსაფრთხოების გარანტიებს იმ პირობით სთავაზობს, თუ უკრაინის არმია გავა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების იმ ნაწილებიდან, რომლებიც რუსეთს ჯერ ოკუპირებული არ აქვს. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აირჩია ზეწოლის სტრატეგია არა რუსეთზე, არამედ უკრაინაზე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ რუსეთის მსხვილ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყა
შემდეგი სტატიაგიორგი ტიგინაშვილი: დეზერტირი მიტროპოლიტი