ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა მზადაა მშვიდობისკენ მიმავალი გზისთვის, სწორედ უკრაინა ისწრაფვის მშვიდობისკენ ომის პირველივე წამიდან, ამოცანაა, ვაიძულოთ რუსეთი, შეწყვიტოს ომი

უკრაინა მზადაა მშვიდობისკენ მიმავალი გზისთვის, სწორედ უკრაინა ისწრაფვის მშვიდობისკენ ამ ომის პირველივე წამიდან. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ვაიძულოთ რუსეთი, შეწყვიტოს ომი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

როგორც ზელენსკი წერს, ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით დაახლოებით 70 რაკეტა და 200 დრონი გაუშვა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, დაშავდნენ ადამიანები.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.

„გასულ ღამეს რუსეთმა კიდევ ერთი მასიური თავდასხმა განახორციელა ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. მათი სამიზნე სხვადასხვა ობიექტი იყო – ოდესაში, პოლტავაში, ჩერნიგოვსა და ტერნოპოლში. სულ რუსებმა გამოიყენეს თითქმის 70 რაკეტა, როგორც საკრუიზო, ასევე ბალისტიკური, და დაახლოებით 200 დრონი. ყველაფერი მიმართული იყო ინფრასტრუქტურისკენ, რომელიც უზრუნველყოფს ნორმალურ ცხოვრებას. ამჟამად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ყველგან, სადაც საჭიროა. სამწუხაროდ, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებიც. ხარკოვში რუსული რაკეტა საცხოვრებელი სახლის ახლოს ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაშავდნენ ადამიანები“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ზელენსკი ასევე წერს, რომ უკრაინამ დღეს ცის დასაცავად საფრანგეთის მიერ მიწოდებული Mirage-ის ტიპის თვითმფრინავები გამოიყენა.

„ნამდვილი მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯები უნდა გახდეს ის, რომ ვაიძულოთ რუსეთს, შეწყვიტოს ასეთი თავდასხმები. ეს არის რაღაც, რისი ეფექტურად კონტროლიც შესაძლებელია. სიჩუმე ცაში – რაკეტების, შორ მანძილზე მოქმედი დრონებისა და საჰაერო ბომბების გამოყენების აკრძალვა და სიჩუმე ზღვაზე – ნორმალური ნავიგაციის რეალური გარანტია. უკრაინა მზადაა მშვიდობისკენ მიმავალი გზისთვის და სწორედ უკრაინა ისწრაფვის მშვიდობისკენ ამ ომის პირველივე წამიდან. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ვაიძულოთ რუსეთი, შეწყვიტოს ომი“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ „იქსზე“.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან თითქმის $1 მილიარდის პირველი ტრანში გადაურიცხა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – მე ვარ ნამდვილი „მზეთუნახავი“, იმიტომ, რომ მზის სხივი თითქმის 4 წელია არ მინახავს – ვისჯები იმის გამო, რომ 2008 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადავარჩინე და 2012 წელს მშვიდობიანად გადავეცი ხელისუფლება