მე მაქვს სამუშაო ურთიერთობა ვალერი ზალუჟნისთან და ვაპირებ, გავაგრძელო მასთან მუშაობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ზელენსკიმ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – არის თუ არა მათ შორის კონფლიქტი და გეგმავს თუ არა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლებას.
„მე მაქვს სამუშაო ურთიერთობა ზალუჟნისთან. ის პასუხისმგებელი უნდა იყოს ბრძოლის ველზე შედეგებზე, როგორც მთავარსარდალი, გენერალურ შტაბთან ერთად. ეს კომპლექსური კითხვაა: რაღაც იყო, რაღაც არ იყო, რაღაც აკლია. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ნაბიჯები და შედეგები. ყოველდღე, ყველა პოზიციაზე. ვგეგმავ ვიმუშაო. მათგან ველოდები გადაწყვეტილებებს მობილიზაციაზე, ფრონტზე დახმარებაზე. სტრატეგია გასაგებია, თუმცა მინდა დეტალების ნახვა. ვფიქრობ, ეს სამართლიანია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვალერი ზალუჟნის ოფისში მოსასმენი მოწყობილობა იპოვეს, რასაც თავად ზალუჟნი ზეწოლად არ აფასებს. მისივე თქმით, აღნიშნულ კაბინეტში სახელმწიფო საიდუმლოებები არ განიხილებოდა.
ამასთან, უკანასკნელ კვირებში უკრაინული და საერთაშორისო მედია აქტიურად წერს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურს, ვალერი ზალუჟნის შორის არსებულ კონფლიქტზე.