დარწმუნებული ვარ, რომ აშშ არ გვიღალატებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შემაჯამებელ კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ უკრაინისთვის აშშ-ის დახმარება გაგრძელდება.
„რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ. დარწმუნებული ვარ, რომ აშშ არ გვიღალატებს და იმას, რაზეც შევთანხმდით, სრულად განახორციელებს. ჩვენ ველოდებით ამ დახმარებას. მათ იციან დეტალები, რისთვის არის ეს, მათ იციან, როგორ იმოქმედებს გარკვეული თარიღების გადაწევა. მგონია, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და სენატორებთან ვიპოვე ურთიერთგაგება, ორივე მხარეს შევხვდით. ვნახოთ, საქმე ახლა თარიღებშია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის დამარცხებაზე სალაპარაკო არაფერია, რადგან 2023 წელს რუსეთმა ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია.
„რაც შეეხება ბრძოლის ველს, წელს რუსეთმა ვერცერთ შედეგს ვერ მიაღწია. მე ვსაუბრობ 2023 წელზე. მან ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია. არაფერია სალაპარაკო უკრაინის დამარცხებაზე, რადგან რუსეთს არცერთი გამარჯვებისთვის არ მიუღწევია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის დარწმუნებულია დასავლელ პარტნიორებში.
„მადლობელი ვარ ევროპის ქვეყნებთან ახალი ურთიერთობების. ისინი დიდ პატივს გვცემენ და ამაყობენ ჩვენი ხალხით. ჩვენ მათთან განსაკუთრებული პირადი ურთიერთობები დავამყარეთ. დარწმუნებული ვარ ჩვენს პარტნიორებში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინას დამატებით 400-500 ათასი ადამიანის მობილიზაცია დამატებით დაახლოებით 500 მილიარდი დაუჯდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამხედროებმა ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე კიდევ 450-500 ათასი ადამიანის მობილიზების შესახებ განაცხადეს, მაგრამ ახლა ეს საკითხი განხილვის პროცესშია.
ზელენსკიმ ამ ციფრებს „ძალიან სერიოზული“ უწოდა და აღნიშნა, რომ მეტი არგუმენტი სჭირდებოდა „ამ მიმართულების“ მხარდასაჭერად, რადგან „ეს არის ხალხის, სამართლიანობის, თავდაცვის შესაძლებლობებისა და ფინანსების საკითხი“.
„ამ ფორმატში მობილიზება უკრაინას დამატებით 500 მილიარდი გრივნა დაუჯდება. ამიტომ, როგორც უკრაინის პრეზიდენტი და ადამიანი, რომელიც დიდ დროს უთმობს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის მოძიებას, მინდა გავიგო პრემიერ-მინისტრისგან და ფინანსთა მინისტრისგან, საიდან უნდა მოვიპოვოთ თანხა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტმა სამხედროებთან იმ ჯარების ნაწილის დემობილიზაციის საკითხი დააყენა, რომლებიც ომის დაწყებიდან უკრაინას იცავდნენ.