უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა რუსეთის ძალებისგან დასახლების გათავისუფლების მეორე წლისთავზე. მან ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიასთან, მემორიალურ დაფასთან სანთელი დაანთო ოკუპაციის დროს მოკლული უკრაინელების ხსოვნის პატივსაცემად. მემორიალზე ამოტვიფრულია რუსი სამხედროების მიერ მოკლულთა სახელები.
ამჟამად მემორიალზე 509 მოქალაქის სახელია, რომელთა იდენტიფიცირებაც შესაძლებელი გახდა.
„ამ ომს აქვს გლობალური მნიშვნელობა. ბუჩას ქუჩებში ოკუპანტების მიერ მოკლული ჩვენი ხალხის ცხედრები იყო მტკიცებულება, რომ მსოფლიოში არავინ უნდა გადგეს ამ ბრძოლისგან განზე, რადგან სწორედ აქ, უკრაინაში, ჩვენი ხალხის, ჩვენი სიცოცხლის, ჩვენის სახელმწიფოს დაცვით, ადამიანობა იმარჯვებს. იმისთვის, რომ სხვების წინააღმდეგ ასეთი აგრესია დაეწყო, რუსეთმა ჯერ გაანადგურა საკუთარ თავში მორალი, ძალადობა და სიძულვილი კი თავის იდეოლოგიად აქცია. ასეთი სისტემები თავისით არ ჩერდება. მათ ძალა და ერთიანობა აჩერებთ, აჩერებთ სიმტკიცე და იმის გაცნობიერება, თუ რისი განადგურება სურთ მათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.