უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში ჩავიდა. ზელენსკი ევროპული საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას და პარტნიორ ქვეყნებთან მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
ზელენსკის თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ნატო-ს გენერალურ მდივანთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ასევე პოლონეთის, დანიის, ბელგიის, უნგრეთის, ფინეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრებთან. გარდა ამისა, ზელენსკი ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებსა და ბელგიის მეფე ფილიპეს შეხვდება.
„ევროპაში ყველას გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ამისთვის კი საჭიროა მკაფიო სიგნალები — რუსეთზე უფრო ქმედითი ზეწოლა და უკრაინისთვის თავდაცვის სფეროში მხარდაჭერის გაძლიერება. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთობლივი მოქმედება ადამიანთა სიცოცხლის დასაცავად“, — განაცხადა ზელენსკიმ.
















