აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინისთვის რთული იქნება აგრესორის შეკავება, განსაკუთრებით იმის გამო, რომ გარკვეული ტიპის შეიარაღებაზე საჭიროა ამერიკული ლიცენზია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
კერძოდ, ზელენსკის ჰკითხეს, რა მოხდება, თუ აშშ შეწყვეტს უკრაინის დახმარებას და საკმარისი იქნება თუ არა ევროკავშირის დახმარება?
„აშშ არ არის მხოლოდ ფული. პოლიტიკური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, სანქციებით მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. არის გარკვეული იარაღი, რომელსაც აშშ-ის ლიცენზია აქვს. მას ევროპელები გვაძლევენ, მაგალითად, იმავე Patriot-ებს, რომლებსაც ვიღებთ. სხვათა შორის, გერმანიისგან მივიღეთ ყველაზე მეტი Patriot-ის სისტემა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნისგან. მაგრამ მაინც ლიცენზიას ამაზე აშშ გასცემს. ამიტომ არ მინდა, რომ ამ დახმარების გარეშე ვიყოთ, აშშ-ს დახმარების გარეშე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკის თქმით, ამჟამად უკრაინამ შეძლო შესაბამისი შეიარაღების წარმოების გაზრდა, რაც ასევე აძლევს უკრაინას საშუალებას, როგორღაც „გადარჩეს“.
„ვნახოთ. ჯერჯერობით ახალი დახმარება არ არის, მაგრამ როგორღაც ვცხოვრობთ. იარაღი მოდის, ჩვენ სხვადასხვა ვარიანტს ვეძებთ, წარმოება გავზარდეთ. გასულ წელს 154 საარტილერიო სისტემა შევქმენით ადგილობრივი წარმოებით. ეს რეკორდია, რადგან წლის განმავლობაში 154, ჩვენი აზრით, მეტია, ვიდრე ნატო-ს ყველა ქვეყანამ ერთად შეძლო იმავე წელს. ვთვლი, რომ ეს სერიოზული ნახტომია. წელს ვეცდებით, მეტი გავაკეთოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა დრონების წარმოებაზეც.
„ეს ვერ ჩაანაცვლებს აშშ-ის დახმარებას, მაგრამ ეს არც არის მიზანი. მიზანი არ არის პარტნიორების დახმარების ჩანაცვლება“, – განაცხადა ზელენსკიმ..
მისი აზრით, აშშ ყველაფერს გააკეთებს, რომ ომის ცხელი ფაზა წელს დასრულდეს.
„ვთვლი, რომ ეს არის მათი მიზანი და ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.