უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იმის მტკიცება, თითქოს რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ნატო-ს გაფართოებამ გამოიწვია, საშიშია, – ამის შესახებ ზელენსკიმ პრესსკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის გარემოცვიდან ადამიანები ესაუბრებიან აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების საშიშროების შესახებ.
„უნგრეთი, რომელმაც ნატო-ს წევრობა 1999 წელს მიიღო, შედიოდა იმ ქვეყნების სიაში, რომლებზეც არ უნდა გავრცელებულიყო ნატო-ს გაფართოება. როგორ არ ეშინია დღეს უნგრეთის ლიდერს ამ საკითხის წამოწევის?“ – თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, კრემლის მმართველის, ვლადიმირ პუტინის აზრით, იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც არ უნდა იყვნენ ნატო-ში, არიან უნგრეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ბალტიის ქვეყნები და სლოვაკეთი.
„დიდი მოკითხვა ფიცოს და ორბანს. არ არის რისკი ახლა ამის კეთება? ეს არ არის რისკი მათი საზოგადოებისა და ქვეყნებისთვის?“ – თქვა ზელენსკიმ.