ვოლკერი: რუსეთი კმაყოფილი არასოდეს იქნება

კურტ ვოლკერი, ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოშიგრიგორი კარასინის განცხადებას საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შეცვლასთან დაკავშირებით ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი ლეგალურობის დამახინჯებულად წარმოდგენად აფასებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მოსკოვი “მოთმინებით აკვირდება” საქართველოში ანტი-რუსული სენტიმენტების მომატებას და “ეს მოთმინება უსაზღვრო არ არის.” ვოლკერი ამბობს, რომ ამ განცხადების დანიშნულება საქართველოზე ზეწოლის გაზრდაა:

“პირველ რიგში, ვიტყვი, რომ რუსები სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველოს უწყვეტად აკრიტიკებდნენ. ახლანდელმა მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთბის ნორმალიზება მომხდარიყო. მაგრამ თუ ისინი საქართველოს ამაზეც საყვედურობენ, მაშინ ვფიქრობ, კრემლი კმაყოფილი არასოდეს იქნება.”

ყოფილი ელჩი მეორე ფაქტორად იმას ასახელებს, რომ რუსეთი იმას არ აქცევს ყურადღებას, თუ რატომ შეიძლება იზრდებოდეს საქართველოში მოსკოვის მიმართ უკმაყოფილება. “ამერიკის ხმასთან” საუბრისას, მან ღიმილით თქვა, “შეიძლება იმიტომ, რომ ისინი საქართველოს ოკუპაციას აგრძელებენ ან შეიძლება იმიტომ, რომ ახლახან განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას ჯერ არ ამტკიცებენ.”

ვოლკერს მიაჩნია, რომ რუსი პოლიტიკოსები, როგორც წესი, განცხადებებს იმისთვის აკეთებენ, რომ პროცესებზე ან ადამიანებზე გავლენა მოახდინონ და მათ მოქმედების შეცვლა აიძულონ.

“ყოველთვის შეცდომაა რუსი ოპფიციალური პირების და დიპლომატების მოსმენა და იმის ფიქრი, რომ ისინი სიმართლის გადმოცემას ცდილობენ. ამ შემთხვევაში, რუსების მიზანი საქართველოზე ზეგავლენის მოხდენაა – რომ მთავრობა აიძულონ რუსეთთან უფრო მეტად დამთმობი იყოს. ეს საშიში მდგომარეობაა. სამწუხაროდ, რუსეთი ის ქვეყანაა, რომელიც მეზობლეზე ასეთ ზეწოლას ახორციელებს,” აცხადებს ვოლკერი.

karasini

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადილემ “აბაშძე-კარასინის” ფორმატში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.” საქართველოს პარლემანტის მიერ მიღებული ეს კანონი, სხვა საკითხებთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკურ საქმიანობას და უძრავი ქონების საკუთრებას ზღუდავს. კანონი ასევე ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე “ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, აგრეთვე განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რაც გულისხმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვებს.” გრიგორი კარასინი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანების – მათ შორის, ტურისტების – თავისუფლად გადაადგილების დაშვებას ითხოვს. კარასინის ამ მოთხოვნაზე ვოკლერი ამბობს:

 

“ეს ლეგალურობის დამახინჯებული წარმოდგენაა. ეს საქართველოს ტერიტორიტორიებია, სადაც ლეგალურად შესვლა მხოლოდ საქართველოს გავლითაა შესაძლებელი. არალეგალურია ის, რომ რუსეთს ეს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და ითხოვს, რომ იქ ადამიანების შესვლა რუსეთმა აკონტროლოს. ლეგალური არგუმენტისგან დამუკიდებლად, რუსეთი პრაქტიკულად აკონტროლებს ამ ტერიტორიებს და იქ ხალხის შესვლას. ამიტომ, ამ განცხადების ერთადერთი რეალური მიზანი საქართველოზე ზეწოლის მოხდენაა,” აცხადებს ყოფილი ელჩი.
კარასინის განცხადებას საქართველოს ოფიციალური წრეების მხრიდან მყისიერი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. პოლიტიკოსებმა მოსკოვის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა დაგმეს. ვოლკერი ამბობს, რომ ოკუპაციასთან შედარებით რუსეთს მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი უმნიშვნელოა. მისი თქმით, “რუსეთს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მარიონეტული მთავრობები და ათასობით ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული. შიდა საქმეებში ჩარევა სწორედ ეს არის!”

კარასინის განცხადებამ “აბაშიზე-კარასინის ფორმატის” მიმართ პოლიტიკურ ოპოზიციაში არსებული სკეპტიციზმი გააძლიერა და დიალოგის ამ ფორმით არსებობა კიდევ ერთხელ აქცია მწვავე განხილვის თემად. ოპოზიცია აცხადებს, რომ დიალოგს რეალური შედეგის მოტანა არ შეუძლია და ის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ერთგვარ ლეგიტიმაციას ემსახურება. გარდა ამისა, დიალოგი საქართველოს რუსეთთან მარტო ტოვებს, რაც თბილისს სართაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ზურგის გამაგრების შესაძლებლობას ართმევს.

ხელისუფლება ოპოზიციის ამ შეხედულებას ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებით, რომ დიალოგის ქონა აუცილებელია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით. გარდა ამისა, “აბაშიძე-კარასინის ფორმატის” მეშვეობით საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთოებები გაუმჯობესდა და სავიზო რეჟიმის მოხსნაზე საუბარი დაიწყო. ვოლკერი ამბობს, რომ დიალოგის შენარჩუნება აუცილებელია, ერთი ფაქტორის გათვალისწინებით:

“ჩემი აზრით, ეს დიალოგი გაგრძელდება და უნდა გაგრძელდეს კიდეც. კონტაქტის შენარჩუნების იდეა ყოველთვის კარგია, რადგან ამ მეთოდით სიტუაციის განმუხტვა მანამდეა შესაძლებელი სანამ ვითარების ეკალაცია მოხდება,” ამბობს ვოლკერი. მისი თქმით, რუსეთი მიზანმიმართულად აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოცხადების პოლიტიკას და უარს ამბობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებაზე. ეს კი იმის გარანტიაა, რომ ურთიერთობები კიდევ დიდ ხანს იქნება გაყინული. “სწორედ ამიტომ, დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ საქართველოს მხრიდან, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ამ დიალოგის შინაარსს,” დასძენს ის.

რუსეთის ზეწოლისთვის წინაამდგობის გასაწევად საქართველოს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეუძლია. მათგან ერთ-ერთ პარტნიორ ქვეყნებთან აქტიური კავშირების გაგრძელება და საქართველოს თემის საერთაშორისო ფორუმებზე უწყვეტად წამოჭრაა. ვოლკერი ამბობს, რომ საქართველოს კიდევ ერთი, უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია.

“კრიტიკულად მნიშვნელოვანია მთავრობისა და ოპოზიციის მხრიდან ძირითად პრინციპებზე შეთანხმება და ამ თანხმობაზე საუბარი. მათ ერთმანეთის შიდა პოლიტიკა არ მოსწონთ, მაგრამ სინამდვილეში ბევრ რამეზე თანხმდებიან, მაგალითად, საბაზრო ეკონოიმკის შექმნაზე, ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს ის მნიშვნელოვანი თემებია, რომლებზეც პოლიტიკური ძალები თანხმდებიან და ამაში ქართველი ხალხის ფართო მხარდაჭერა აქვთ. საერთო ღირებულებებზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს რუსული ზეწოლისგან დასაცავად,” ამბობს ვოლკერი.

წყარო: “ამერიკის ხმა”

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძის ფეისბუქ-პოსტი:სიბინძურეების ატვირთვა-გადატვირთვების გარემოში ამ ხალხისგან ბევრ ნაგავს უნდა ველოდოთ
შემდეგი სტატიავიზიტის განმავლობაში დაფიქსირდა სრული მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიზაციისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად