სკანდალი-ვოლგოგრადში გამქრალი თუჯის ღობე ბორჯომში აღმოაჩინეს?

რუსული ინტერნეტ- გამოცემა ” V1.ru – Волгоград” აქვეყნებს სტატიას, რომლის ავტორი ვიქტორია რინდინა (Виктория Рындина) ირწმუნება, რომ ქალაქ ვოლგოგრადის ცენტრიდან რამდენიმე წლის წინ გამქრალი ისტორიული ღობე ბორჯომში აღმოაჩინეს რუსმა ტურისტებმა.
“რამდენიმე კილომეტრი სიგრძის თუჯის ღობე, რომელიც უკვალოდ გაქრა ქალაქ ვოლგოგრადის ლენინის პროსპექტიდან, მოგზაურებმა საქართველოში იპოვეს, ბორჯომის ცენტრალური პარკის შესასვლელთან”, – წერს ავტორი.
ეს ისტორია, როგორც სჩანს, ვოლგოგრადში საკმაოდ აქტუალური გახდა. “ორიგინალი თუ ზუსტი ასლი? შეკითხვას სოციალურ ქსელებში ქალაქის მაცხოვრებლებმა ირონიის დიდი დოზით უპასუხეს : უკვალოდ გამქრალი ღობე ქალაქის მესვეურებმა შესაძლოა საქართველოში საბითუმო ფასებში გაყიდესო”, – წერს ვიქტორია რინდინა.
შემდეგ იგი ისტორიული ღობის გაუჩინარების ისტორიას ჰყვება: “ეს მოხდა 10 წლის წინ, საარჩევნო კამპანიის დროს. მერის მოვალეობის შემსრულებელმა როლანდ ხერიანოვმა (Роланд Херианов) განკარგულება გასცა რესტავრაციის მიზნით “მოეჭრათ” თუჯის ღობე. არჩევნების შედეგ კი ქალაქის ეს სიმბოლო უკვე არავის ახსოვდა”.
გასულ წელს ძველის ნაცვალად დაამონტაჟეს ახალი ღობე, რომელიც მერიის განცხადებით, ისტორიული ღობის ზუსტს ასლს წარმოადგენს. თუმცა, დაკვირვებულმა ვოლგოგრადელებმა იგი მონათლეს, როგორც “ორიგინალის ფოლადისგან დამზადებული უსუსური პაროდია”. როგორც სტატიის ბოლოს ავტორი აღნიშნავს : “დამონტაჟებიდან რამდენიმე თვეში ღობე ქალაქის ჟანგმოდებულ სიმბოლოდ იქცა”.
საინტერესოა, რამდენად შეესაბამება სტატიაში მოყვანილი ფაქტი სიმართლეს და როგორი რეაქცია ექნება მასზე ბორჯომის მუნიციპალილეტის გამგეობის მესვეურებს.

banner
წინა სტატიაშითაღლითობისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
შემდეგი სტატიაევროკავშირი თურქეთს ფინანსურ დამხარებას შეუმცირებს