“ვნახეთ ვიდეოკადრები მისი საკნიდან და ეს ყველაფერი კითხვებს ბადებს”

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და წუხილს გამოთქვამს ყველა იმ ასპექტზე, რომელიც ამ ყველაფერს თან ახლავს.

ელჩის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი და ყველა რეკომენდაცია, რომელიც ექიმებმა გასცეს, აუცილებლად უნდა შესრულდეს.

“ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას და გამოთქვამს წუხილს ყველა იმ ასპექტთან დაკავშირებით, რომელიც ამ სიტუაციას თან ახლავს. ჩვენ ვაკვირდებით რამდენიმე ინსტიტუციას, მათ შორის მინდა გამოვყო სამედიცინო საბჭო, რომელიც შეიქმნა პრემიერმინისტრის ინიციატივით, რასაც დადებთად ვაფასებ. ვფიქრობ, ამ საბჭომ დიდი როლი შეასრულა, რადგან არც დიპლომატები ვართ ექიმები და არც პოლიტიკოსები და ექიმების სანდო აზრი ძალიან გვჭირდება.

ასევე მინდა გამოვყო ის განსაკუთრებული როლი, რომელიც სახალხო დამცველმა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში შეასრულა. ასევე მინდა ვახსენო სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, რომელმაც სასარგებლო რჩევები მოგვცა პატიმრების უფლებებთან დაკავშირებით, რასაც ასევე ვაფასებთ.

გარდა ამისა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ჯანმრთელობის საკითხია და ყველა რეკომენდაცია, რომელიც ექიმებმა გასცეს, აუცილებლად უნდა შესრულდეს. მეორე საკითხია მიხეილ სააკაშვილის უფლებები. ჩვენ მოვისმინეთ სახალხო დამცველის აზრი და თავად სააკაშვილის მონათხრობი მის გადაყვანასთან დაკავშირებით გლდანის ციხის საავადმყოფოში. ასევე ვნახეთ ვიდეოკადრები მისი საკნიდან და ეს ყველაფერი კითხვებს ბადებს. ჩვენ გვსურს, რომ პატივი ეცეს ადგილობრივ კანონმდებლობას, მაგრამ ასევე ევროპულ კონვენციას ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით.

და ბოლოს, სამართლებრივი საკითხი, რომელსაც ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ჩვენ ვიცით, რომ ბატონი სააკაშვილი არ დაუშვეს საკუთარ სასამართლო პროცესზე და გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, თუ რას ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვნახოთ გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო პროცესი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დადებითად ვაფასებ ევროპული სასამართლოს წერილს და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი ამ საკითხთან დაკავშირებით”, – თქვა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენის განცხადება: პატივი სცენ პატიმართა უფლებებს და შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემთა, პატივისა და ღირსების დარღვევა
შემდეგი სტატია“შეიძლება, თითი თითზე აქვთ გდაჯვარედინებული და ამბობენ, რომ საპროტესტო აქცია იმ კლინიკასთან არ იქნება, მაგრამ გამოყვანის დროს იქნება”