ვმუშაობთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში იყოს

ყველა საერთაშორისო ფორმატში ვმუშაობთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივად მუშაობს და რაც ჩვენ ახლა ვნახეთ, მათი მუშაობის შედეგია. თქვენ იცით, რომ ჩვენ ასევე ვმუშაობთ შესაბამის რეზოლუციაზე ევროპარლამენტში. იმედი მაქვს, ამ რეზოლუციას ზაფხულისთვის მიიღებენ“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

2017 წლის 23 მარტს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია, „თანამშრომლობა საქართველოსთან“, მიიღო.

რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით.

რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე.

დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება.

banner
წინა სტატიაშიყველა დამნაშავეს უნდა ესმოდეს, რომ ვიპოვით და ადეკვატურ პასუხს გავცემთ – ინაშვილი
შემდეგი სტატიამნიშვნელოვანია, რუსეთზე რეალური საერთაშორისო ზეწოლის განხორციელება დავიწყოთ – სამადაშვილი