ვმსჯელობთ, რამდენად იქნება მნიშვნელოვანი ორგანულად თავსებადი უწყებების გაერთიანება – ეკა ბესელია

პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრთან ერთად მნიშვნელოვანი კონსულტაციები დაწყო, რომელიც სტრუქტურულ ცვლილებებს ეხება.

„პირველ რიგში, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი კონსულტაციები დავიწყეთ პრემიერს მინისტრთან, ბიუროს უმრავლესობის ფორმატში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად და ძალიან საინტერესო დისკუსია გავხსენით გუნდის შიგნით, რომელიც ეხება სწორედ იმ სტრუქტურულ ცვლილებებს და იმ კონცეპტუალურ საკითხებს, რომელზეც გუშინ პრემიერ მინისტრმა უკვე ისაუბრა პარლამენტში, სასესიო ფორმატში. ეს ეხება უკვე დაგეგმილ შესაძლო ცვლილებებს და პირველ რიგში, ვისაუბრეთ სწორედ საკანონმდებლო დონეზე რა სტრუქტურული ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს და რატომ. ეს არის ძალიან საინტერესო ფორმატი დისკუსიის, აქვე შემიძლია გითხრათ, რომ დღეს არ დასრულება ეს დისკუსია, უბრალოდ ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა ცალკეული მიმართულებით პოლიტიკის დონეზე ამ სამინისტროების თუ უწყებების შესაძლო გაერთიანების დასაბუთებაზე,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას განცხადებით, კონსულტაციები, ამავე ფორმატში, ჯერ არ დასრულებულა და ის ხვალაც გაგრძელდება, პრემიერ მინისტრთან ერთად.

ბესელია აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც კონსულტაციები დასრულდება, პრემიერ მინისტრი თავად გააკეთებს განცხადებას. ეკა ბესელიას განცხადებით, დღეს, მსჯელობაზე, მთელი დრო სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბარს დაეთმო.

„ჩვენ ვმსჯელობთ, რამდენად იქნება მნიშვნელოვანი ორგანულად თავსებადი უწყებების გაერთიანება და იმ კონცეფციით სვლა, რომელზეც საუბრობდა პრემიერ მინისტრი,“ – განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიკადრები არ შემცირდება – “ოცნების” ოფისში შეხვედრა დასრულდა
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა ბერშუეთიდან გატაცებულები გაათავისუფლეს