“პუტინი ცდილობს, გაანადგუროს ყველანაირი საფრთხე, რომელიც მას ემუქრება, ის იყენებს ყველანაირ ადმინისტრაციულ რესურსს იმისთვის, რომ შეძლოს მისი ძალაუფლების შენარჩუნება. მალე არჩევნებია, პუტინმა კი მოიშორა ყველა, ვისაც შეეძლო, მისთვის ხელი შეეშალა – ნავალნი მკვდარია, ვლადიმირ კარა-მურზა ციხეში და არის ძალიან ავად, ჩვენ გვყავს ბორის ნაძეჟდინი, პრიგოჟინიც იყო ერთ-ერთი ვინც წავიდა პუტინის წინააღმდეგ, რა გააკეთა პუტინმა, ის გააჩერა და მოგვიანებით, თვითმფრინავში ააფეთქა. ის იშორებს ყველას, ვინც კრემლის წინააღმდეგ მიდის”- განაცხადა ექსპერტმა რუსეთის საკითხებში, ჯილ დოჰერტიმ, თბილისში მიმდინარე რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
ექსპერტის თქმით პუტინისთვის უდიდესი ძალა შეიძლება იყოს დასავლეთის სისუსტე. ჯილ დოჰერტი თვლის, რომ რუსეთი არ მოვა დასავლეთში ტანკებით, ის მოვა ტრადიციული ღირებულებების და მსგავსი რბილი ძალის საშუალებით, რაც ძალიან სახიფათოა დასავლეთისთვის, რადგან ბევრი ადამიანი შეიძლება გახდეს, ამ მოსაზრებების მომხმარებელი.
რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, ექსპერტის თქმით, თავშივე სასაცილო იყო იმის ვარაუდი, რომ სანქციებით შეწუხებული ოლიგარქები პუტინის წინააღმდეგ წავიდოდნენ.