ვლადიმერ პუტინი – ისრაელი თითქმის რუსულენოვანი ქვეყანაა, იქ საბჭოთა კავშირიდან წასული უამრავი ადამიანი ცხოვრობს, რუსეთის უახლოეს ისტორიაში ყოველთვის ვითვალისწინებთ ამ ფაქტორს

ისრაელი თითქმის რუსულენოვანი ქვეყანაა, იქ საბჭოთა კავშირიდან წასული უამრავი ადამიანი ცხოვრობს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

პუტინის თქმით, რუსეთის უახლოეს ისტორიაში ამ ფაქტორს ყოველთვის ითვალისწინებენ.

„მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომ ისრაელში თითქმის ორი მილიონი ადამიანი ცხოვრობს ყოფილი საბჭოთა კავშირიდან და რუსეთის ფედერაციიდან. ეს თითქმის რუსულენოვანი ქვეყანაა დღეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, რუსეთის უახლოეს ისტორიაში ყოველთვის ვითვალისწინებთ ამ ფაქტორს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამასთან, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მას ირანის ბირთვული ობიექტების გარშემო ვითარება აწუხებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვაწუხებს ის, რაც ირანის ბირთვული ობიექტების გარშემო ხდება, გვაწუხებს ის, სადამდე შეიძლება, ამან მიგვიყვანოს. ეს მოითხოვს არამხოლოდ ყურადღებას მიმდინარე მოვლენებზე, არამედ გამოსავლის ძიებასაც, გადაწყვეტილების, რომელიც სასურველია, იყოს მშვიდობიანი საშუალებებით“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთსაც და ირანსაც საფრთხეს ერთი და იგივე ძალები უქმნიან.

ამასთან პუტინი აღნიშნავს, რომ ირანს აქვს უფლება, ატომის მშვიდობიანი მიზნებით გამოყენებისთვის.

„ჩვენ ირანის გარშემო ვითარების სირთულის მიუხედავად, ავაშენეთ ატომური რეაქტორი ირანში, ბუშერში. გავაფორმეთ კონტრაქტი კიდევ ორ ბირთვულ რეაქტორზე და რთული ვითარების მიუხედავად, გარკვეული საფრთხეების მიუხედავად, ვაგრძელებთ ამ მუშაობას“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მიაჩნია, რომ ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტის დარეგულირებისთვის შესაძლო საერთო შეხების წერტილები არსებობს.

როგორც პუტინმა აღნიშნა, კონფლიქტის მოგვარების პროცესში უმჯობესია, წინ არ გაუსწრონ მოვლენებს და ამით ზიანი არ მიაყენონ პროცესს.

„ჩემი აზრით, ასეთი შეხების შესაძლო წერტილები არსებობს. ჩვენს პოზიციას როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს ვაცნობთ“, – განაცხადა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშირუსების გეგმები „აბსოლუტურად გიჟურია“ – ზელენსკიმ სუმის ოლქში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი – რუსი და უკრაინელი ხალხები რეალურად ერთი ერია, ამ თვალსაზრისით, მთელი უკრაინა ჩვენია, იქ, სადაც რუსი სამხედროს ფეხი აბიჯებს, ჩვენია