ვლადიმერ პაპავამ განათლების მინისტრთან შეხვედრის დატოვების მიზეზი განმარტა

თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ განმარტა, რომ განათლების მინისტრ თამარ სანიკიძესთან შეხვედრა სვეტიცხოველში წასვლის მიზეზით დატოვა.
როგორც პაპავამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, დღეს დილით იგი შეხვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომელმაც ლოცვისკენ მოუწოდა და სვეტიცხოვლის ტაძარში მიიწვია.

“მე დღეს მქონდა შეხვედრა უწმინდესთან. ეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო. მას აინტერესებდა რა ხდებოდა უნივერსიტეტში. შეხვედრის ბოლოს მე მთხოვა, რომ ყველასთვის მომეწოდებინა ილოცონ და შემომთავაზა, რომ დღეს 18:00 საათზე ვყოფილიყავი სვეტიცხოველში და იქ მელოცა. მე პატრიარქის ეს წინადადება გავიზიარე. ვუთხარი ამის შესახებ ქალბატონ მინისტრსაც, გავაფრთხილე აკადემიური საბჭოს წევრებიც და წავედი იმიტომ, რომ თბილისიდან მცხეთაში წასვლას გარკვეული დრო სჭირდება”, – განაცხადა პაპავამ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს წევრებს დღეს შეხვდა. შეხვედრა განათლების სამინისტროში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

აუდიენციას თსუ-ის რექტორი ლადო პაპავა მხოლოდ რამდენიმე წუთით დაესწრო. მან შეხვედრა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვა. უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ლადო პაპავას სხვა შეხვედრა ჰქონდა ჩანიშნული.

banner
წინა სტატიაშითამარ სანიკიძე: უნივერსიტეტში რექტორის ყოფნა-არყოფნის საკითხის გადაწყვეტას ჩემი ჩართულობით არ ვაპირებ
შემდეგი სტატია“გადადგომას ნამდვილად არ ვაპირებ”