ვლადიმერ პაპავა სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაში, რექტორის მოადგილეები დარეჯან თვალთვაძე და მერაბ ელიაშვილიც მონაწილეობდნენ. აუდიენციას, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ხელმძღვანელი, ანა ნაცვლიშვილიც ესწრებოდა.

“არ ვაპირებ გადადგომას. მე ავუხსენი სიტუაცია თვითმმართველობის წარმომადგენლებს. ისინი მიმართავენ იმ ფორმას, რაც შეარჩიეს და რჩებიან აკადემიური საბჭოს ოთახში. მე მათ პირობა მივეცი, რომ მათზე არ განხორციელდება რაიმე სახის ზეწოლა, ზეგავლენა დაცვის სამსახურის ან პოლიციის მხრიდან. ეს პროცესები ხელს აძლევს გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, რომ ეს არეულობა გადაედოს მთელ ქვეყანას. ეს ძალები არსებობენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ. ვისაც ქვეყანა და უნივერსიტეტი უყვარს, ყველამ უნდა ავიცილოთ დესტაბილიზაცია თავიდან,” – განაცხადა თსუ-ს რექტორმა.

ვლადიმერ პაპავამ კომენტარი გააკეთა თსუ-ს დაცვის სამსახურის მუშობაზეც და აღნიშნა, რომ დაცვის სამსახური მაქსიმალურად ცდილობს, თავისი ფუნქციების განხორციელებას; უნივერსიტეტს არ ჰყავს ამ სიტუაციისთვის საკმარისი რაოდენობის დაცვა, ამიტომ, გახდა საჭირო პოლიციის გამოძახება.

მისი თქმით, მარტო დაცვის სამსახური ვერ უზრუნველყოფდა ახალგაზრდების დაშორიშორებას.

“სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ დაცვის სამსხური და პოლიცია ეფექტურად ასრულებს თავის მოვალეობას. მათ ვერ აღკვეთეს რექტორის ოთახში შეჭრის ფაქტი. ასევე, ჩნდება კითხვები, როგორ ახერხებენ ერთი ჯგუფის წარმომადგენლები შენობაში შემოსვლას, როცა მეორე ჯგუფის წევრები ვერ შემოდიან. დაცული უნდა იყოს თანაბრობის პრინციპი. პოლიციის ვალდებულებაა, არ მოხდეს ფიზიკური დაპირისპირება”, – აღნიშნა შეხვედრის შემდეგ საია-ს ხელმძღვანელმა, ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითავისუფალი დემოკრატები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ
შემდეგი სტატიაბაი გადაბაძე არასამთვარობო ორგანიზაციებს ხვდება