თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ვლადიმერ გუცაევმა UG Art პოდკასტში საბჭოთა კავშირის ნაკრებში არსებულ არაობიექტურ მიდგომებსა და ქართველი მოთამაშეების მიზანმიმართულ დისკრიმინაციაზე ისაუბრა.
ვეტერანი თავდამსხმელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გუცაევი-შენგელია-ყიფიანის ტრიოთი მთელი ევროპა აღფრთოვანებული იყო, სსრკ ნაკრების მწვრთნელები — ვალერი ლობანოვსკი და კონსტანტინ ბესკოვი — მათ ძირითად შემადგენლობაში ფორმალურად, მხოლოდ კლუბების ინტერესების გამო არ ათამაშებდნენ.
გუცაევმა აღნიშნა, რომ ნაკრებში წასვლაზე უარის თქმა მკაცრი სანქციებისა და ფეხბურთის საერთოდ აკრძალვის მუქარის გამო შეუძლებელი იყო, რაზეც მას კლუბის მწვრთნელი, ნოდარ ახალკაციც აფრთხილებდა:
„კარიერის განმავლობაში 83-ჯერ გავხდი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი [MVP] და 161 საგოლე გადაცემა მაქვს გაკეთებული, მაგრამ ნაკრებში მაინც ამ მდგომარეობაში ვიყავი… საბჭოთა ფეხბურთელებიდან დღეს მხოლოდ 3-4 კაცი ახსოვთ: ბლოხინი, ყიფიანი, გუცაევი, შენგელია, ჩივაძე. არავინ იყო იმ დონის, რომ ყიფიანი და გუცაევი სათადარიგოთა სკამზე მსხდარიყვნენ. სწორედ ამიტომ იყო საბჭოთა კავშირი შინაარსობრივად დამპალი — ყველაფერი ტყუილზე იყო აგებული და ფეხბურთის გარშემოც ეს სიყალბე ტრიალებდა“, — განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა.















