ვლადიმერ გუცაევი: სოხუმი, „არარატი“, „ბენფიკა“,  “ლივერპული” ,   «კარლ ცაისი « , „რეალი“

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ფორვარდი ვლადიმერ გუცაევი დიდი ასოებით შევიდა XX საუკუნის ფეხბურთის ისტორიაში. მისი ფანტასტიკური ტექნიკა, ულამაზესი და შედეგიანი თამაში, ინტელექტი, ადამიანების მიმართ ყურადღება ყოველთვის იწვევდა მის მიმართ მილიონობით გულშემატკივრის სიყვარულს მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში. 40 წლის წინ-1981 წლის სექტემბერში -მადრიდში გამართული პრესტიჟული სამეფო ოთხთა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს ვოვა გუცაევი. ამ და სხვა საინტერესო ისტორიებზე და ეპიზოდებზე ვესაუბრეთ სახელოვან ფეხბურთელს.

სოხუმი, 1982 წელი,    ბრწყინვალე ფეხბურთელები ლეონიდ ბურიაკი( კიევის «დინამო»), ვლადიმერ გუცაევი (თბილისის «დინამო» )და  სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის საფეხბურთო გუნდის უფროსი მიტო ჭანტურია

-მახსოვს თქვენი დებიუტი „დინამოში“ 1971 წელს. მე  11 წლის ვიყავი, სოხუმში ვცხოვრობდი, თქვენ კი, 18 წლის ნახალოვკელი ბიჭი, გახდით  მილიონობითი ადამიანის კერპი, მოწინააღმდეგეს შოკში აგდებდით  ფინტებით. „არარატის“ ფეხბურთელები ვერ ახერხებდნენ თქვენს შეკავებას და ტანზე გახევდნენ მაისურს!

-რა ძალიან საინტერესო ეპიზოდები გამახსენეთ თქვენ ახლა – „არარატის“( სსრკ 1970-იანი წლების პირველი ნახევრის ერთერთი საუკეთესო გუნდის ) ფეხბურთელებმა არ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ ჩემს წინააღმდეგ: აშკარა უხეშობა და ჩემი მოცელვა არ უნდოდათ ისე, როგორც მექცეოდა, მაგალითად,  მოსკოვის „დინამოს“ ფეხბურთელი ალექსანდრე ნოვიკოვი. ამიტომ, იყო ერთ ეპიზოდში „არარატის“ გამოცდილი მცველი ნორიკ მესროპიანი გაოგნებული დარჩა, როცა მე -ვოვა სწრაფად გავუსხლტი ხელიდან და ერევნელების კარისაკენ გავიქეცი, მას სურდა ორივე ხელით დავეჭირე და ჩემს მაისურს ჩაეჭიდა. მაისური გაიხა, სტადიონი კი ასეთი სანახაობისაგან აფეთქდა ოვაციებით, მსაჯმა კი ყვითელი ბარათით მისცა «არარატის» მცველს- მაშინ ასეთი საქციელისათვის მოედნიდან არ აძევებდნენ… მეორედ  ერევნელები, კერძოდ გამოცდილი  მცველი ალექსანდრე კოვალენკო, პირდაპირ კისერზე ჩამომეკიდა. მე არ მწყენია მათი ამგვარი საქციელი – ისინი ხომ მოედანზე ჩემ შეჩერებას ცდილობდნენ, ღირსებას არ კარგავდნენ და ფეხებში ძლიერად არ მირტყამდნენ, კმაყოფილი ვიყავი, რომ არ მამტვრევდნენ…

-ყველამ იცის  დინამოელთა შესანიშნავ გამარჯვებაზე 1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასზე, თუმცა მანამდე იყო 1973 წლის   გამარჯვება პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში ( კარაველას თასი), ესპანეთში , უელვაში,  ნახევარფინალში პენალტებით დაამარცხეთ მადრიდის «ატლეტიკო», ფინალში კი ლისაბონის «ბენფიკა»-3-1, თქვენ ორი გოლი გაიტანეთ, დათო ყიფიანმა -ერთი.

-ეს იყო დაუვიწყარი ტურნირი და გამარჯვება. იმ დროს დინამოელთა რიგებში იყო თაობათა ცვლა, მითუმეტეს გასახარებელი იყო ასეთი შესანიშნავი გამარჯვება. როგორც დღევანდელი დღე მახსოვს ის მატჩები, მახსოვს დათოს შესანიშნავი გოლი და ჩემი გოლებიც. ჩვენი გამარჯვება იმ პრესტიჟულ ტურნირში გახდა დიდი სენსაცია ევროპაში, ევროპული პრესა წერდა ჩვენ ტექნიკურ და ლამაზ თამაშზე.ეს გამარჯვება ბენფიკასთან გახდა ჩვენი მომავალი გამარჯვებების საწინდარი.

– 1979 წლის 3 ოქტომბერს დინამოელებმა  გაანადგურეთ ლეგენდარული „ლივერპული“ 3:0 და ტიტულოვანი ინგლისელები გამოეთიშნენ ევროპის ჩემპიონების თასის გათამაშებას.  ვოვა, ძალიან გეჩქარებოდათ „ლივერპულისთვის“ გოლის გატანა, გავიგე, ერთერთი ფანი თქვენ დიდ პრემიას  დაგპირებიათ გოლისთვის.

სოხუმი, 1980 წ., ვლადიმერ გუცაევი და მიტო ჭანტურია

–  იმ თბილისელმა ფანმა  მანამდე სსრკ-ს ჩემპიონატში ერთერთ მნიშვნელოვან შეხვედრაში გატანილი ბურთისათვის ერთი ათასი რუბლი მომცა-ეს არ იყო საჩუქარი.  ჩვენ ვინიძლავე მასთან: თუ მე იმ პრინციპულ შეხვედრაში ვერ გავიტანდი ბურთს მაშინ მე ჩემი ხარჯებით უნდა ჩამომეტანა მისთვის კარგი საჩუქრები უცხოეთიდან (იმ დროს სსრკ-ში დეფიციტური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი), თუ გავიტანდი გოლს- ის მაძლევდა პირად პრემიას -ერთი ათას რუბლს. მე გავიტანე და მოვიგე ნაძლევი, მივიღე  ეს პრემიაც – იმ დროისთვის დიდი თანხა. „ლივერპულთან“ შეხვედრის წინ მან შემომთავაზა ახალი ნაძლევი: „ვოვა, თუ „ლივერპულს“ გოლს გაუტან (პირველი შეხვედრა ინგლისში „დინამომ“ წააგო 1:2 და  შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გვაწყობდა მხოლოდ მოგება 1:0),  ორი ათას რუბლს მოგცემ პრემიას, თუ ვერ გაიტან -მაშინ როცა წახვალ უცხოეთში ჩამომიტანე ის ტანსაცმელი, რომელიც აქ არ იშოვება». ის კაცი იყო ჩემი და „დინამოს“ დიდი ხნის გულშემატკივარი, აწ განსვენებული ლერი კირვალიძე-შეძლებული და პატივსაცემი კაცი თბილისში, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, საშუალებაც ჰქონდა გაეკეთებინა ასეთი გულუხვი პრემია. „ლივერპულთან“ საპასუხო შეხვედრის წინ ცოტას თუ სჯეროდა, რომ ჩვენ დავძლევდით ამ დიდებულ კლუბს,  ლერიმ კი თავისი სიტყვა შესარულა, ორი ათასი რუბლი გადმომცა.

გაუხარდა მას დინამოელთა ეს გოლი, თუმცა თქვენ რომ გაიტანეთ თავად დაზარალდა?

– მოგვიანებით, ის თვითონ მიყვებოდა ამ სიტუაციას: 55 წუთზე, როცა მე  გავუსწარი ყველას- ინგლისელებს და თვით რამაზ შენგელიასაც და „ლივერპულს“ გავუტანე გოლი, ტრიბუნაზე მყოფი ლერი ჯერ სიხარულს ვერ მალავდა, მაგრამ მერე გვერდით მყოფ მაყურებლებს კითხა – ვოვამ გაიტანა გოლი თუ ?  როცა დაუდასტურეს , მაშინ კი  ცოტა გაბრაზებულა – მას ხომ ჩემთვის უზარმაზარი თანხა უნდა ეჩუქებინა. მაშინ ჩემი და დინამოელთა  წამყვანი ფეხბურთელების ხელფასი 360 რუბლი იყო, ეს კარგ ანაზღაურებად ითვლებოდა იმ დროს, აქ კი  ერთი გოლით უცებ ორი ათასი ანუ ნახევარი წლის ხელფასი უნდა მიმეღო. თამაშის შემდეგ, ლერიმ, რა თქმა უნდა, გადმომცა მისი დაპირებული პრემია. „ლივერპულთან“ იმ საგოლე მომენტისათვის რამაზ შენგელია ჯერ ცოტა ნაწყენი იყო ჩემზე, მე რომ გადავასწარი, მაგრამ როცა მოვუყევი რატომ ვიყავი ასე აჩქარებული – ბევრი იხალისა და მილოცავდა. რასაკვირველია, ეს ჩემი გოლი არ იქნებოდა, რომ არა დათო ყიფიანის შესანიშნავი ფინტი, მის მიერ მოტყუებული ინგლისელი  და ფანტასტიკური გადაცემა «ლივერპულის» საჯარიმოში.ეს იყო მატჩის 55 წუთზე, შემდეგ კი  «დინამომ» კიდევ ორი გოლი გაუტანა «ლივერპულს».

ლერი კირვალიძესთან მეტი არ ქონდათ ნაძლევი?

— იყო კიდევ ერთი, მესამე ისტორია მასთან-1981 წლის 13 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე. მან იგივე მითხრა «თუ «კარლ ცაისს» გაუტან გოლს მიიღებ ჩემგან  3 ათას რუბლს თუ ვერ გაიტან-მაშინ  უნდა ჩამომიტანო ევროპიდან ჩვენთან დეფიციტური ნივთები». მესამედ დავნაძლევდით და მესამეც მე მოვიგე- როცა ვაგებით 0-1, მე გავათანაბრე ანგარიში, გამოვიყენე რა რამაზ შენგელიას შესანიშნავი პასი, თასიც «დინამომ» მოიგო და გაახარა მთელი საქართველო.  მეტი ნაძლევი ლერისთან არ მქონია, თუმცა როგორც მეგობარს მისთვის  ჩამომქონდა სუვენირები-საჩუქრები უცხოეთიდან, როცა თბილისის «დინამო» ან სსრკ ნაკრები ატარებდა  მატჩებს და შეკრებებს უცხოეთში.

შეხვედრები დონეცკში

თბილისი,  ვლადიმერ გუცაევი, გოგი თორაძე და თენგიზ პაჭკორია

1976 წლის სექტემბრიდან 1981 წლის ივლისამდე მე ვსწავლობდი უკრაინაში, დონეცკის სახ.უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, შემდეგ კი რამოდენიმე თვე ვმუშაობდი (განაწილებით)პედაგოგად დონეცკის ოლქის დობროპოლიეს რაიონის ქ. ბელოზერსკში, 1981 წ. დეკემბრიდან 1983 წ. ივნისამდე ვმსახურობდი ჯარში დონეცკის ოლქში. უკრაინაში ცხოვრების დროს (1976-1983) დავესწარი თბილისის «დინამოს» ყველა მატჩს დონეცკში, რამდენიმე შეხვედრას ხარკოვში, კიევსა და ლუგანსკში ( ვოროშილოვგრადი), ზაფხულობით კი სოხუმიდან თბილისში ხშირად ჩავდიოდით დინამოელთა მატჩებზე. იმ დროს (1976-1983) დონეცკის „შახტიორი“ ძლიერი გუნდი იყო , თბილისის «დინამოსთან“ მათ მატჩებზე დონეცკში ბილეთები შოვნა რთული იყო, მითუმეტეს მარტო კი არ დავდიოდი ასეთ მატჩებზე: ამ მილიონიანი ქალაქის უმაღლესი სასწავლებლების ( უნივერსიტეტის, პოლიტექნიკური, სავაჭრო და სამედიცინო ინსტიტუტების) ქართველ, აფხაზ, ბერძენ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებთან (საქართველოს მკვიდრნი) ერთად  20-30 კაციან ჯგუფებად მივდიოდით სტადიონზე თბილისის «დინამოს» საქომაგოდ. ბილეთებს ხშირად ჩვენი გუნდის ფეხბურთელები (ვიტალი დარასელია, ოთარ გაბელია) ან დინამოელთა მთ.მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი გვჩუქნიდნენ. თამაშის წინა დღეს მივდიოდით დონეცკის იმ სასტუმროში (“უკრაინა”, “შახტიორი” ან “დონბასი”) და იქ ფოიეში ვსაუბრობდით ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან. სტადიონზე ( მატჩები ტარდებოდა „ლოკომოტივის“ ან „შახტიორის“ არენებზე) შევდიოდით «დინამოს» პლაკატით (წარწერა ქართულ ენაზე იყო) .
ძალიან კარგად მახსოვს 1979 წლის 6 ოქტომბერს დონეცკში თბილისის დინამოელთა მატჩი „შახტიორთან“ – სამი დღით ადრე, 3 ოქტომბერს, თბილისში ჩვენმა გუნდმა დაამარცხა  „ლივერპული“-3:0.  5 ოქტომბერს ჩვენი გუნდი დონეცკში ვინახულეთ, სასტუმროში ფანებს არ უშვებდნენ. მე, ჩემი ორი დონეცკელი მეგობარი და სოხუმიდან საგანგებოდ ჩამოსული მამაჩემი, ფეხბურთის დიდი  გულშემატკივარი ბოჩია პაჭკორია(1936-1993, იხ. https://www.timer.ge/14-08-1992-rogor-mtsipdeboda-ruseth-saqarthvelos-omi/ ) სასტუმროში შეგვიშვეს ნაცნობმა დონეცკელმა მილიციელებმა ( წინა წლებში მათ რამდენიმეჯერ ჭაჭა ვაჩუქეთ ).

ფოიეში ვნახეთ დინამოელები, ბედნიერები ვიყავით, რომ ვესაუბრეთ  დათო ყიფიანს, ვიტალი დარასელიას, ოთარ გაბელიას, მანუჩარ მაჩაიძეს, ალექსანდრე ჩივაძეს, ვოვა გუცაევს, გიორგი ჭილაიას  და მწვრთნელებს . დონეცკში ის მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.  შეხვედრის შემდეგ „შახტიორის“ ფანებმა მოაწყეს მსვლელობა დონეცკის ცენტრალურ ქუჩებში -რამდენიმე ათასი ადამიანი  მონაწილეობდა მსვლელობაში, მათ შორის ვიყავით ჩვენ, თბილისის «დინამოს» დაახლოებით 25 ფანი, ჩვენ ვიყავით  ქართული პლაკატით „დინამო“! მსვლელობის დროს ფანებმა ფაქტიურად გადაკეტეს არტიომის ქუჩა-დონეცკის ცენტრალური გამზირი, მილიცია ხელს არ გვიშლიდა, რადგან ეს იყო მშვიდობიანი საფეხბურთო აქცია, თუმცა მილიციონრები სულ ახლოს იყვნენ . მეორე დღეს მე და დონეცკის უნივერსიტეტის კიდევ რამდენიმე სტუდენტი გამოგვიძახეს რექტორატში და გვითხრეს: “კარგია, რომ ფეხბურთი გიყვართ,მაგრამ ქუჩების გადაკეტვა არ არის საჭირო“. მე ვუპასუხე, რომ ეს იყო წმინდა საფეხბურთო მანიფესტაცია. უნივერსიტეტის პრორექტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ნიკოლაი ტურივნენკომ, რომელიც ფეხბურთის  ქომაგი იყო, გვითხრა : “ვიცით,რომ მატჩის წინა დღეს სასტუმროში იყავით, ვიცით, სად დაამზადეთ ეს ბანერი ქართულ ენაზე, ვიცით, რომ თბილისის „დინამო“ ტექნიკური გუნდია, მაგრამ გთხოვთ-  ქუჩები არ გადაკეტოთ, თორემ კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივიღებთ!».
შემდგომში ბევრჯერ ვყოფილვარ მატჩებზე დონეცკში, კიევში, მოსკოვში და თბილისში, როცა მოედანზე ბრწყინავდნენ ვოვა გუცაევი და მისი თანაგუნდელები, ხშირად მინახავს ის თბილისის დინამოელებთან ერთად ან გუნდის  მიზნებით ჩამოსული სოხუმში, ქალაქში, რომელიც მისთვის ძალიან დიდ ემოციებთან არის.

გუცაევი-მადრიდის „რეალი“

1981 წლის სექტემბერის დასაწყისში მადრიდში გაიმართა  სამეფო ოთხთა ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდნენ იმ წლის ევროპის საუკეთესო კლუბები-მადრიდის «რეალი», მიუნხენის «ბავარია», თბილისის  «დინამო» და ჰოლანდიის «აზ-67». ნახევარფინალში ჩვენი გუნდი 72 წუთამდე უგებდა «რეალს» 2:1, ბოლოს კი წავაგეთ 2:4. იმ მატჩში (მეათე წუთზე  მძიმე ტრავმა მიიღო  დათო ყიფიანმა, «რეალის» და ესპანეთის ნაკრების მცველმა ანხელმა უცერემონიოდ მოტეხა დათო, რომელმაც ამის შემდეგ 4 თვე ვეღარ შეძლო თამაში. ორი გოლი ესპანელთა კარში გაიტანა რამაზ შენგელიამ,  ამ მატჩის და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს ვოვა გუცაევი, რომელმაც «რეალთან» და მესამე ადგილისთვის მატჩში  ( მოვუგეთ «ბავარიას» 2:1) აჩვენა ფანტასტიკური ტექნიკა,  უბრალოდ გააოცა  მეტოქე გუნდების ფეხბურთელები და ათეულობითი მილიონი ქომაგი ევროპაში..

-ბატონო ვოვა, ვიცით, რომ ამ ტურნირის შემდეგ  მიგიწვიეს «რეალში»?.

თბილისი, ვლადიმერ გუცაევი და ოჩამჩირის რაიონის მკვიდრი, რიგაში 1970 წ. მცხოვრები იმედი კოკაია(ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი კარატეში ვეტერანებს შორის, პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს „Platinum Lifetime Contribution To The Martial Arts“ მფლობელი)

-დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა ნოდარ ახალკაცმა მითხრა, რომ «რეალი» გიწვევსო, მზად არის გადაიხადოს ნებისმიერი თანხა შენი ტრანსფერისთვის. გვესმოდა, რომ სსრკ დროს სპორტსმენებს არ უშვებდნენ უცხოეთის გუნდებში, ვინ  გაიპარებოდა, მათ მშობლებს და ახლობლებს მოღალატედ გამოაცხადებდნენ და შეავიწროვებდნენ.  ბატონმა ნოდარმა მითხრა, რომ როცა ერთად შეხვდებით «რეალის» წარმომადგენლებს , უთხარი რაიმე ისეთი მიზეზი, რომ მეტი არ მოინდომონ შენი გადაბირება. შეხვერდრაზე მე ვუთხარი «რეალის» ხელმძვანელებს, რომ ძალიან მიყვარს თბილისი და არსად არ ვაპირებ წასვლას, ძალიან მიყვარს მანქანა «ვოლგა», რომლის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია -მადრიდში კი არ არის ამ მანქანის მომსახურების სერვისი. ესპანელებმა გამიგეს და მიხვდნენ, თუმცა კითხულობდნენ რა მანქანაა ეს «ვოლგა» ასეთი. ცოტა ხანში «რეალმა» შესთავაზა ახალკაცს ახალი ვარიანტი- გუცაევს არ ვყიდულობთ, არამედ ვცვლით- მოგვეცით გუცაევი თქვენ კი გაძლევთ სანტილიანას და ხუანიტოს-«რეალის» ორ უძლიერეს ფეხბურთელს. ამ შეხვედრის მონაწილე იყო არამარტო ნოდარ ახალკაცი, არამედ თბილისის „დინამოს“ გუნდის უფროსი კახი ასათიანი (1947-2002) და  ჩვენი გუნდის დელეგაციის ხელმძვანელი ომარ სიამაშვილი. მე შევასრულე მწვრთნელის თხოვნა და უარი ვუთხარი „რეალის“ ხელმძღვანელებს მათ გუნდში გადასვლაზე,  მესმოდა, რომ სსრკ-ში ასეთი ტრანსფერი არ შეიძლებოდა და არასანქცინირებული გადასვლა ბევრ პრობლემას შეუქმნიდა დინამოელებს, ნათესავებს, ახლობლებს.

– დინამოელთა თქვენ თაობას ჰქონდა ხალხის უზარმაზარი სიყვარული, პატივისცემა, მაგრამ მატერიალურად მაინც და მაინც არ იყავით უზრუნველყოფილი.

– ჩვენთვის ფული მთავარი არასდროს ყოფილა. ჩვენ ყველას ვუყვარდით და პატივს გვცემდნენ. ხალხი ყველგან გვცნობდა და თბილად გვეპყრობოდა. ეს კი ნებისმიერი რაოდენობის ფულზე, ნებისმიერ პრემიაზე უფრო მნიშვნელოვანია.სითბოს, სიყვარულს გვგრძნობდით  საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში, თუმცა განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი თითქმის ყოველწლიური შეკრებები სპორტბაზებზე გაგრაში(ლესელიძე) და სოხუმში (ქვემო ეშერა), თბილისის დინამოელთა რამდენიმე ჩასვლა ცხინვალში და იქაური ფანტასტიკურად თბილი დახვედრები.

ჩვენ ვარჯიშებს და ამხანაგურ მატჩებს სოხუმსა და  გაგრაში უამრავი ხალხი ესწრებოდა, სოხუმსა და გაგრაში სანაპიროზე ვერ გაივლიდი ისეთ სითბო- სიყვარულს იგრძნობდი, ასობით ადამიანი ცდილობდა  ხელის ჩამორთმევას, მისალმებას, ფოტოს გადაღებას თუ ვინმეს ქონდა ახლოს ფოტოაპარატი, გვეპატიჟებოდნენ სახლში, ქორწილზე, დაბადების დღეზე, თუმცა სპორტული რეჟიმიდან გამომდინარე ჩვენ 99 პროცენტ შემთხვევაში არ მივდიოდით ასეთ ღონისძიებებზე. აფხაზეთში და ცხინვალში  გაიზარდა ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომლებიც XX საუკუნეში ამშვენებდნენ თბილისის «დინამოს», ქუთაისის «ტორპედოს», ლანჩხუთის «გურიას», თამაშობდნენ საქართველოს და სსრკ ჭაბუკთა, ახალგაზრდულ თუ დიდ ნაკრებებში.

 

თენგიზ პაჭკორია, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

 

 

banner
წინა სტატიაშიენმ-დან ბათუმის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი “ოცნების” წევრებს მოსყიდვაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიადიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე მრავალფუნქციური პარკი გაშენდება