ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე 17 პარტიის მიმართვას ,,ქართული ოცნება” ხელს არ აწერს

17 პოლიტიკური პარტიის განცხადებას, სადაც ისინი ევროკომისიას, ევროპარლამენტს, ევროკავშირის საბჭოს, ევროპული საბჭოს, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მიმართავენ, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას, კოალიცია ქართული ოცნება ხელს არ აწერს.

ერთობლივ მიმართვას ხელი მოაწერა კოალიციაში შემავალმა რესპუბლიკურმა პარტიამ.

“მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობდით პარტია ქართული „ქართული ოცნების“, ეროვნული ფორუმის, „მრეწველების“ და კონსერვატორების დარწმუნებას, სამწუხაროდ, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ამ მიმართვას მათ ხელი არ მოაწერეს. რა დგას ამ უცნაური გადაწყვეტილების უკან, ძნელი ასახსნელია. ხუთიდან ოთხმა სახელისუფლებო პარტიამ პრაქტიკულად ხელი შეუშალა იმას, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომხდარიყო საქართველოში მოქმედი ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის სრული კონსოლიდაცია. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მათთვის ამ მნიშვნელოვან საკითხზე თანხმობაზე მაღლა ვიწროპარტიული ინტერესები დგას,“- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

ერთობლივ მიმართვაში აღნიშნულია, რომ საჭიროა, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების მხრიდან გადაიდგას ყველა შესაძლო ნაბიჯი ქვეყნის ევროპული სწრაფვის რეალიზაციისათვის, რომლის ერთ-ერთ გადამწყვეტი ეტაპი სწორედ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლაა.

“მივმართავთ ევროკომისიას მხარი დაუჭიროს საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესებას, რაც გამოიხატება მათი მხრიდან ოფიციალური წინადადების წარდგენით და იმედს გამოვთქვემთ, რომ ამას მოჰყვება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დროული თანხმობა,”– წერია ერთობლივ მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერენ პოლიტიკური პარტიები: ახალი მემარჯვენეები, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო, ევროპელი დემოკრატები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეროვნულ დემოკრატიული პარტია, თავისუფალი დემოკრატები, თავისუფალი საქართველო, თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია, ლეიბორისტული პარტია, პატრიოტთა ალიანსი, რეფორმატორები, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა, საქართველოს ქალთა პარტია სამართლიანობისა და თანასწორობისათვის, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, ქრისტიან დემოკრატიული პარტია.

ერთობლივი მიმართვა დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს გადაეცა.

banner
წინა სტატიაშიეს იყო სიყვარულით ნათქვამი – ლუკა კურტანიძე პატრიარქის განცხადების შესახებ საუბრობს
შემდეგი სტატიაელისო კილაძე-” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილება კახი კალაძე და მას ჩაბარდება გარკვეული ფინანსური სქემები”