“ვიზალიბერალიზაცია საშუალებას მისცემს არალეგალურ ემიგრაციაში მყოფებს დაბრუნდნენ სამშობლოში და ევროპაში წასვლის უფლება არ დაკარგონ”

ვიზების ლიბერალიზაცია საშუალებას მისცემს არალეგალურ ემიგრაციაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს დაბრუნდნენ სამშობლოში და ამით ევროპაში წასვლის უფლება არ დაკარგონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპამ გადაწყვიტა, რომ მიმართოს ევროპის საკანონმდებლო ორგანოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და ეს ცვლილებები მოიცავს საქართველოს მოქალაქეებისთვის 90 დღით ევროპაში ყოფნის უფლება.

“ეს საშუალებას მისცემს ერთი მხრივ, არალეგალურ ემიგრაციაში მყოფ მოქალაქეებს დაბრუნდნენ საქართველოში, მოინახულონ მრავალი წლის უნახავი მშობლები, ახლობლები და ამით ევროპაში დაბრუნების უფლება არ დაკარგონ. ასევე ჩვენს სტუდენტებს საშუალება ეძლევათ რომ ევროპაში გაატარონ არდადეგები, მოძებნონ უმაღლესი სასწავლებლები და ჩაბარება სცადონ, ბიზნესმენებს საშუალებას აძლევს მოლაპარაკებების პროცესში არ იყვნენ დროში შეზღუდულები. ასე, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც უკვე გავიდა ევროპის საკანონმდებლო ხელისუფლების ხელში, ჯამში ჩვენს მოქალაქეებს ამ შესაძლებობებს აძლევს”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ევროპის საკანონმდებლო ორგანოებმა აღნიშნული ცვლილებები იმ ვადაში მიიღონ, რაც დასახელდა, ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ევროპის პარლამენტი და ევროპის საბჭო.

“მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირში შედის 27 ქვეყანა, ხოლო ევროპის საბჭოში – 47, შესაბამისად გადაწყვეტილებას ეს ორი ორგანო იღებს, რითაც ამ კანონს უკვე სავალდებულო ხასიათი ეძლევა”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ რაც იყო რეკომედაციები საქართველომ ყველა შეასრულა ვიზალიბერალიზაციის კუთხით. რაც შეეხება თავისუფალ სავაჭრო სივრცეს და ასევე ასოცირებულ წევრობას, საქართველოს ამ მხრივ 5-წლიანი სამოქმედო გეგმა აქვს, რომელსაც ყოველწლიურად მიჰყვება.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი უცხოეთში არალეგალურად მცხოვრებ მოქალაქეებს ურჩევს, თუ შესაძლებელია თავიანთი ვითარების დაკანონება მოახდინონ
შემდეგი სტატიაშალვა შავგულიძე: ხელისუფლების საკანონმდებლო პოლიტიკა ევროპულ სტანდარტებს სრულად ვერ შეესაბამება