ვიწყებთ მომზადებას 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის – პრემიერი

ის ფაქტი, რომ ჩვენ 12 წლის შემდეგ ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების პრეტენზიას ვაცხადებთ, ძალიან დიდ ყურადღებას გამოიწვევს საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა ლოზანაში ვიზიტზე ისაუბრა, სადაც ის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა.
„საქართველო სერიოზულად იწყებს მომზადებას 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის. ამ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ მთელი ეს პერიოდი. ძალიან დიდი შედეგია ის, რომ უკვე მარტის დასაწყისში ჩამოდის სპეციალური დელეგაცია, რომელიც შეისწავლის დღევანდელ არსებულ მდგომარეობას, მოახდენს იდენტიფიცრებას იმ მიმართულებების, თუნდაც ჩავარდნების, რომლებიც ჩვენ გვაქვს. თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენ ვაცხადებთ პრეტენზიას, რომ 12 წლის შემდეგ დღევანდელი დღიდან საქართველოში შეიძლება ჩატარდეს ზამთრის ოლიმპიური თამაშები, ძალიან დიდ ყურადღებას გამოიწვევს საქართველოს მიმართ. ჩვენ გვექნება გაწერილი გეგმა არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის, არამედ ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების მიმართულებით, ადგილობრივი ახალგაზრდების, ბავშვების ზამთრის სპორტის სახებებში ჩართვის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს განაცხადს და დადებით ამბიციას ძალიან პოზიტიურად შეხვდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და აბსოლუტურად ყველანაირი დახმარება აღგვითქვა. ჩვენ მოვემზადებით ამ ვიზიტისთვის, რომელიც მარტში შედგება და დავიწყებთ კონკრეტული გეგმის განხორციელებას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთთან ხელი მოეწერა სათავგადასავლო სკოლის ნაწილში დახმარების ხელშეკრულებას. მთის მიმართულებით მოხდება გიდების მომზადება… ჩვენ შეგვიძლია სამთო რეგიონები ჩავრთოთ ამ პროცესში. ეს არ იქნება მხოლოდ შეძლებული ადამიანებისთვის და ტურისტებისთვის განკუთვნილი მიმართულება, არამედ აქ შეიძლება ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ჩაერთოს და მიიღოს კონკრეტული შედეგები. გიდებად გადამზადება იქნება ახალი შესაძლებლობა მთაში მცხოვრებლებისთვის, რომ დამატებითი შემოსავალი მიიიღონ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი იქნება ძალიან სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის, განსაკუთრებით მთიან რეგიონში და არა მხოლოდ“. განაცხადა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაში„გაზპრომიდან“ საქართველოს საკმარისი ანაზღაურება აქვს იმაში, რა სერვისსაც წევს – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
შემდეგი სტატიალექვინაძის ბიზნესომბუდსმენად დანიშვნა არის შესანიშნავი გადაწყვეტილება – აბაშიშვილი