ვითომ პატრიოტიზმის სახელით ააფრიალეს ქართული დროშა და საერთოდ დაიკეტა ტაძარი – ჯაღმაიძე კირბალში, რუსების მიერ ტაძრის კარის აჭედვაზე

მას შემდეგ, რაც გუშინ მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტების გადაადგილების ფაქტზე ინფორმაცია ჯერ “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერმა დავით ქაცარავამ გაავრცელა და მოგვიანებით, აღნიშნული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან ჩავიდა.

მან Facebook-ჩართვაში მლეთაში ოკუპანტების გადაადგილების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის.

რა თქვა მამა ანდრია ჯაღმაიძემ

“ქსნის ხეობის ოკუპაციის შემდეგ, ახალგორის ოკუპაციის შემდეგ, პირობითი ე.წ. საზღვარი, აი, ამ ქედზე გაატარეს რუსმა სამხედროებმა. „ადმინისტრაციული ზოლი“ და ეს ე.წ. საზღვარი ამ ჩვენს წმინდა გიორგის ტაძარსა და დამხმარე ნაგებობას შორის გადის. კვირაში ერთხელ ან ორჯერ აქ ამოდის პატრული, ქედის იქითა მხარეს არის უკვე ქსნის ხეობა და აქედან ჩანს კიდევაც რუსული ბაზა. მათ მორიგეობა აქვთ აქ, ამოდიან და ეს გუშინ გავრცელებული კადრებიც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. ერთი უცნაურობა ის იყო, რომ რუსმა სამხედროებმა ააფრინეს დრონი. თუმცა დრონიც არ არის იშვიათი შემთხვევა, ბაზიდანაც შეუძლიათ ამ დრონის აფრენა და ყოფილა ეს შემთხვევებიც. ამ ტერიტორიის დათვალიერება დრონის საშუალებით ხდება მუდმივად. ეს არის “სასაზღვრო ზოლი” და აქედან გამომდინარე, ამ “სასაზღვრო ზოლზე” ყოველთვის არის საფრთხეები. სამწუხარო რეალობაა, რომ ქსნის ხეობა დაკავებული აქვთ რუს ჯარისკაცებს და ეს ხეობა ოკუპირებულია დროებით”,– აცხადებს დეკანოზი.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ლომისის წმინდა გიორგის ტაძარი რამდენიმეა საქართველოში და არასწორად ხდება ინფორმაციის გავრცელება, რადგან ის ტაძარი, რომლის კარიც რუსმა ოკუპანტებმა აჭედეს, სოფელ კირბალშია, მლეთაში კი სხვა ტაძარია.

“ლომისის ტაძარი რამდენიმეა საქართველოში. გუშინ ტელეკომპანია “მთავარ არხზე” გასულ რეპორტაჟში საუბარი იყო, რომ ლიმისის ტაძრის კარი არის აჭედილი, მოსახლეობისგან აღებულია ინტერვიუ, რომელშიც ისინი ამბობენ, რომ არ შეუძლიათ ტაძარში შესვლა და შემდგომ ეს კადრები გადმოდის, მლეთაში მდებარე ლომისის წმინდა გიორგის ტაძარზე. ტელეარხის სიუჟეტიდან გაუგებარი ხდება რომელ ტაძარზეა საუბარი. საერთოდ არ არის ნახსენები ის სოფელი, რომელსაც ჰქვია კირბალი, სოფელ კირბალში არის სწორედ ეს ტაძარი. მოკლედ გეტყვით, რა მოხდა იქ. სოფელ კირბალში, რაღაც პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იყო გადასვლა და მომლოცველები დადიოდნენ იმ ტაძარში, მაგრამ შემდეგ ვიღაცამ იქ ააფრიალა ქართული დროშა, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ იქ მიეღოთ [ოკუპანტებს] მკაცრი ზომები, აეჭედათ კარები და შეეზღუდათ იქ შესვლა. ასეთი ტაძარი რამდენიმე გვაქვს გორში”, – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

იგი მოუწოდებს ხალხს, „ნუ გაამწვავებენ სიტუაციას“:

“ნებსით თუ უნებლიედ, გაუცნობიერებლად თუ მიზანმიმართულად, ნუ გავამწვავებთ სიტუაციას, იქამდე ნუ მივიყვანთ, როგორც მოხდა ეს იმ ლომისის ტაძარში, რომელზეც მოგახსენეთ თქვენ, რომელიც არის გორის რაიონში. იქ აი ასე, დაუფიქრებელი, მოუზომელი, ვითომ პატრიოტიზმის სახელით, და პათოსით, ააფრიალეს ქართული დროშა და საერთოდ დაიკეტა ის ტაძარი, მისვლის საშუალებაც აღარ აქვს არავის. ეს არის საფრთხილო ზონა, ოკუპირებული ტერიტორიის “სასაზღვრო ზონა” და ეს ტერიტორიები კარგად ვიცით, როდის დაიკარგა და 2009 წლის მერე ეს პატრულირება ხორციელდება და არ არის ახალი ეს ამბავი”.

რა თქვა ლომისის ტაძრის წინამძღვარმა, მამა დავითმა

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ Facebook-ჩართვისას კომენტარის გაკეთება სთხოვა ლომისის ტაძრის წინამძღვარს, მამა დავით ბურდულს, რომელიც უვლის ქვედა ტაძარსაც და ზედასაც [ქედზე მდებარეს].

სასულიერო პირი ამბობს, რომ რუსი სამხედროები იქ სულ ადიან, “არანაირ დაძაბულობას არ უქმნიან”.

“ძალიან საფრთხილო თემაა ამ “საზღვარზე” ასეთი განცხადებები და მე მინდა, ვთხოვო ჟურნალისტებსაც, რომ როდესაც რაღაც რეპორტაჟს აკეთებენ, რომ ძალიან ფრთხილად გააკეთონ ეს რეპორტაჟი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ე.წ დროებითი საზღვარია და ძალიან სიფრთხილეა საჭირო, რომ ზედმეტი გაღიზიანება აღარ გავაკეთოთ ჩვენ. ეს საკითხი, რაც ბრძანა მამა გრიგოლმა, ესენი სულ ამოდიან ასე, ჩვენ არანაირი დაძაბულობას არ გვიქმნიან ისინი, ყოველთვის რაღაცნაირად თბილად, სიყვარულით მერე მიდიან. ასეთი განცხადებები, რომელიც გავიდა ერთ-ერთი ტელევიზიის არხზე, უფრო მეტ დაძაბულობას შეგვიქმნის ჩვენ აქ და ჩვენი თხოვნაა შემდეგში ჟურნალისტებმა გაითვალისწინონ ეს საკითხი”, – ამბობს მამა დავით ბურდული.

რა თქვა ადგილობრივმა მღვდელმა გრიგოლმა

გარდა ამისა, დეკანოზ ანდრეა ჯაღმაიძის Facebook-ჩართვაში ადგილობრივმა მღვდელმა გრიგოლმაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, 2010 წლიდან არის ტაძარში და იმ პერიოდიდან პატრულირებენ ოკუპანტები.

„გუშინაც ასეთი ამბავი იყო. არაგვის ხეობას გადახედეს, გაიარ-გამოიარეს, დამემშვიდობნენ და წავიდნენ. …დრონი, რა ვიცი, გაუშვეს, რატომ არ ვიცი, უფლება არც მქონდა და ვერც ვკითხავდი, ჯარისკაცები არიან და თავიანთი საიდუმლო აქვთ”, – ამბობს ადგილობრივი მღვდელი.

banner
წინა სტატიაშიმეტი რა უნდა მოხდეს ღაზაში, რომ დასავლეთმა ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვოს – ისრაელის თავდასხმა თავდაცვას გასცდა – ერდოღანი
შემდეგი სტატიაპარტიამ „საქართველოსთვის“ საკუთარი რიგებიდან ორი წევრი გარიცხა