“ვითხოვთ სასიცოცხლოდ საჭირო მედიკამენტებს”, – ამის შესახებ პარლამენტთან შეკრებილი ონკოპაციენტები საუბრობენ, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოსთან მართავენ აქციას, სახელწოდებით: “მინდა ვიცოცხლო”.
ონკოპაციენტების მოთხოვნები უცვლელია – ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის დაპირების შესრულება, 25 000-ლარიანი ლიმიტის მოხსნა და მათთვის საჭირო მედიკამენტების დროულად შემოტანა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, სამი აქციის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, თუმცა გადაწყვეტილების მიმღები პირი არ შეხვდათ.
ისინი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრასაც ითხოვენ.
“ჩვენ უკვე მეოთხე აქცია გვაქვს და ვითხოვთ ჯანმრთელობის უფლებას… ჩვენ არ ვითხოვთ ფუფუნების საგნებს, ჩვენ ვითხოვთ სასიცოცხლოდ საჭირო და აუცილებელ მედიკამენტებზე წვდომას. ქვეყანაში წამლებზე, რომლებზე უამრავი ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული დეფიციტშია…
ჩვენ დაგვპირდნენ 2023 წელს, რომ ყველა მოქალაქე სრულფასოვან მკურნალობას შეძლებდა, თუმცა სამწუხაროდ ეს აღმოჩნდა ტყუილი. ჯანდაცვა არის სრულად დანგრეულ დღეს, რადგან დაფინანსება აგვიანებს ერთი და ორი თვე იმ პაციენტებისთვის, რომლებისთვისაც სამი დღე გადამწყვეტია…
ჯანდაცვის [ყოფილმა] მინისტმა გამოგვიტანა განაჩენი და წავიდა… ვის უნდა მივმართოთ არ ვიცით… მივმართეთ პრემიერს შეხვედრის თხოვნით, მაგრამ ეს ამბავი პრემიერამდე არ უნდა მისულიყო”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.