ვითხოვთ ხელფასის იმ ნიშნულზე დაყენებას, რაც იყო 2013 წელს – მეტროს გაფიცული თანამშრომლები კალაძეს პასუხობენ

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 4, 2018 10:41

ვითხოვთ ხელფასის იმ ნიშნულზე დაყენებას, რაც იყო 2013 წელს – მეტროს გაფიცული თანამშრომლები კალაძეს პასუხობენ

თბილისის მეტროს გაფიცული თანამშრომლები დედაქალაქის მერის იმ განცხადებას პასუხობენ, სადაც კახა კალაძემ მეტროს მემანქანეები შანტაჟი დაადანაშაულა. მემანქანეები ამბობენ, რომ თბილისის მერი მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

მეტროს თანამშრომლები მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. ისინი მერიის მიერ ხელფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მემანქანის ხელფასი არა 1800 ლარს, არამედ 1200 ლარს შეადგენს.

“ჩვენ არ ვსაუბრობთ შანტაჟის ენით, ჩვენ ყოველ წუთს და ყოველ წამს მზად ვართ დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დათმობაზეც წავიდეთ. არ ვცდილობთ საზოგადოებისთვის პრობლემების შექმნა, ყოველთვის ვითხოვდით, რომ ხელფასიდან დანამატის თანხა გამონახული ყოფილიყო შეეზღუდათ თავისთვის დანამატები პრემიები და იმ თანხებიდან მომხდარიყო ხელფასის გაზრდა.

ჩვენი ხელფასი თურმე ყოფილა 1400 დან 1800 ლარამდე. მემანქანის ხელფასი არის 1093 ლარი პლუს დანამატი 55 ლარი მავნე პირობებისთვის და ღამის მოცდენის საათები 31.60 ლარი, რაც გამოდის ხელზე ასაღები თანხა 1200 ლარამდე,“-აცხადებს მეტროს მემანქანე ნუგზარ გაგუა.

მეტროს მემანქანეების თქმით, ისინი მოსახლეობისთვის პრობლემების შექმნას არ ცდილობენ. როგორც მემანქანეები აცხადებენ, მათ არც მგზავრობის საფასურის გაზრდა მოუთხოვიათ.

მეტროს თანამშრომლების განცხადებით, ისინი ხელფასების 45% პროცენტით გაზრდას და 2013 წლის სახელფასო ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვენ.

„ვითხოვთ ხელფასის იმ ნიშნულზე დაყენებას რაც იყო 2013 წელს, მოხდა ინფლაცია გაუფასურება და ეს არ არის ხელფასის მატება“-აცხადებს მეტროს თანამშრომელი ხათუნა ჩიტიაშვილი.

თბილისის მერი კახა კალაძე მეტროს მემანქანეებს შანტაჟში ადანაშაულებს. განცხადება კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა და თქვა, რომ შანტაჟის საფუძველზე მერია არასამართლებრივ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

მისი თქმით, ხელფასის მატების შესახებ მემანქანეთა მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს. თბილისის მერის თქმით, მისი მხრიდან მემანქანეთა ულტიმატუმის დაკმაყოფილება სხვა საჯარო მოხელეების მიმართ უსამართლო გადაწყვეტილება იქნება.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 4, 2018 10:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,319
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics