ვითარება საქართველოს საავტომობილო გზებზე

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მიმართულებისა, აქტიური გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა დილიდან მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გზების გარკვეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დილიდან აკრძალულია ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტისთვის, ზოგიერთზე კი გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.

გზებზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების მიუხედავად, ავტოტრანსპორტის გადაადგილებას, ინტენსიური ნალექის გარდა, გუშინ აფერხებდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების, ზოგ შემთხვევაში კი, არასეზონური საბურავებით მოძრაობა. ამ დროისთვის, ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა კვლავ მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, რიკოთის უღელტეხილის რიგ მონაკვეთებზე კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო ზოგიერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ინტენსიური თოვის გამო, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ასევე აკრძალულია ხაშური-აწყური, საჩხერე-ონის, ქუთაისი-ტყიბული- ამბროლაურის (ნაქერალას უღელტეხილი), ლენტეხი-მელეს, ხაიში-კალას, ახალციხე-ნინოწმინდას და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის მონაკვეთზე და ასევე გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ12-კმ106 მონაკვეთზე. ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია მთის გზებზე-კორშა-შატილის მონაკვეთზე, კალა-უშგულის მონაკვეთზე, ფარავანის უღელტეხილის მონაკვეთზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვას საქართველოს გზებზე დაწესებული შეზღუდვები და გზებზე, სადაც მოსალოდნელია ნალექი და დაბალი ტემპერატურა იმოძრაონ ზამთრის სეზონური საბურავებით.

banner
წინა სტატიაში24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები კოვიდ რეგულაციების დაცვით გაიმართება
შემდეგი სტატიაჯანმო – კორონავირუსის პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს