დაბომბვის შედეგად გათბობის სისტემის მასშტაბური გამორთვის ფონზე, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მოსახლეობას მოუწოდებს, დროებით დატოვონ დედაქალაქი.
უკრაინული მედიის თანახმად, რუსეთის მიერ კიევის დღევანდელი დაბომბვის შემდეგ, უკრაინის დედაქალაქში ექვსი ათასამდე საცხოვრებელი კორპუსი გათბობის გარეშეა დარჩენილი. ქალაქში ასევე არის წყალმომარაგების შეფერხებები.
კლიჩკოს განცხადებით, 9 იანვრის ღამეს კიევზე თავდასხმა დედაქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის ყველაზე მტკივნეული იყო.
„ქალაქის სერვისები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში მუშაობს. სამწუხაროდ, უახლოეს დღეებში ამინდის პირობები პროგნოზით რთული იქნება. მოვუწოდებ დედაქალაქის მცხოვრებლებს, რომლებსაც შეუძლიათ დროებით ქალაქგარეთ გამგზავრება, სადაც არის ალტერნატიული ელექტროენერგიისა და სითბოს წყაროები, გააკეთეთ ეს“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

















