,, ვისურვებდი, რომ მოსამართლეებმა მეტად იზრუნონ თავიანთი ავტორიტეტის გამყარებაზე საზოგადოებაში”

თუ არა “რესპუბლიკური პარტია”, მმართველი კოალიცია ვერ შედგებოდა

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, იგი ისურვებდა, რომ მოსამართლეებმა მეტად იზრუნონ თავიანთი პირადი ავტორიტეტის გამყარებაზე.
ამის შესახებ უსუფაშვილმა სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მიერ ორგანიზებული ფორუმის დატოვებამდე განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მოსამართლეებმა უნდა იზრუნონ თავიანთ ავტორიტეტზე საზოგადოებაში და არა ხელისუფლების ან ერთმანეთის თვალში.
“დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულება – ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ამოცანა და კარგია, რომ არასამთავრობო სექტორი და ექსპერტები დიდ ყურადღებას უთმობენ ამ საკითხებს. დღეს კოალიციის მე-13 შეხვედრაა, საინტერესო საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა. ფორუმის მონაწილეებს მივეცით იმის გარანტია, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის სასამართლოს დამოუკიდებლობა და სასამართლოს ავტორიტეტის ზრდა, ასევე სასამართლოში კვალიფიციური გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველყოფა, ეს არის ძალიან მაღალი პროცენტი. ჩვენ უარი ვთქვით სასამართლოში იმ ტიპის რეფორმებზე, რაც გამოიწვევდა მასობრივ ცვლილებებს სასამართლო კორპუსში. ეს არ იქნებოდა სწორი, რადგან ეს ერთხელ უკვე გაკეთდა საქართველოში და ყოველ 12 წელიწადში სასამართლო კორპუსის ძირფესვიანად შეცვლა საერთოდ თავდაყირა დააყენებდა სასამართლოებს. სტაბილურობა შენარჩუნებულია”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, მეორე მხრივ, საუბარი შეეხო სასამართლო სისტემაში მესამე ტალღის რეფორმას.
“ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან ბევრი რამეა შეცვლილი ამ სფეროში საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე. გვჭირდება მეტი კვალიფიციური, დამოუკიდებელი პიროვნება სასამართლოში, ამიტომ ის კრიტერიუმები, რომლითაც უნდა მოხდეს მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა უვადოდ დაინიშნებიან მოსამართლეები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვჭირდება მეტი დამოუკიდებელი პიროვნება სასამართლოში. ამაზე ვისაუბრე”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მან პარალელი გაავლო, რომ სასამართლო კორპუსი არ შეიძლება იყოს მოწყობილი პოლიტიკური პარტიის პრინციპებზე.
“სასამართლოში ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი ადამიანების ერთობა, რომლებიც გამოირჩევიან კანონისა და სინდისის წინაშე ლოიალურობით. ეს მიღწევადი ამოცანაა და ეს განხორციელდება. ვისურვებდი, რომ მოსამართლეებმა მეტად იზრუნონ თავიანთი პირადი ავტორიტეტის გამყარებაზე საზოგადოებაში და არა ხელისუფლების ან ერთმანეთის თვალში”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკვლევის თანახმად, გამოკითხულთა 68 % თავს დასაქმებულად მიიჩნევს
შემდეგი სტატია„თავისუფალია ქვეყანა, სადაც ოკუპანტის ჯარი არ დგას“